დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალებზე შაქარაშვილების ოჯახის ნათესავს საჯაროდ ლაპარაკი არ სურს. თუმცა, მირიან ნიკოლაძე ადასტურებს, რომ გენერალურ პროკურატურაში გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლები დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. ირაკლი შოთაძის გარდა, შეხვედრას საგამოძიებო უწყების კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი ესწრებოდა. მას შემდეგ, შაქარაშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურა დატოვეს, გაირკვა, რომ საგამოძიებო უწყება დროში ვერ ეტევა და გეგმავს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებებისთვის კიდევ ერთ თვიანი ვადა სთხოვოს.
ჯერ ცნობილი არ არის, გაიზიარებს თუ არა სასამართლო საგამოძიებო უწყების თხოვნას და გადაიწევს თუ არა აგვისტოს ბოლომდე წინასასამართლო პროცესის თარიღი. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 31 ივლისს უნდა გამართულიყო. იმ საგამოძიებო მოქმედებებსა და ექსპერტიზებს შორის, რაც სავარაუდოდ, ვადის გადაწევის მიზეზი გახდება, არის რამდენიმე დღის წინ დანიშნული დამატებითი კომპლექსური კომისიური ექსპერტიზაც. ამ ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს რამდენიმე მთავარ კითხვას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დროსთან და გარემოებებთან დაკავშირებით.
ახალგაზრდა ფეხბურთელის გატრდაცვალების თარიღი, ბოლო რამდენიმე დღეა ხმაურიანი საჯარო განხილვის საკითხია. ორგანიზაცია „ემპათიას" ექსპერტები, რომლებიც რეზონანსულ საქმეს ოჯახისგან და გამოძიებისგან დამოუკიდებლად სწავლობენ, ღიად ამბობენ, რომ შაქარაშვილი, სავარაუდოდ, 4 დღის გარდაცვლილი არ იყო, როდესაც მაშველებმა მდინარეში იპოვნეს. „ემპათიის“ ექსპერტების ვერსიით, ის პოვნამდე, ბოლო 48 საათში გარდაიცვალა. მთავარ არგუმენტებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალურ დასკვნაში პოულობენ, სადაც წერია, რომ ცხედარს ჯერ კიდევ აღენიშნებოდა გვამური გაშეშება, რაც მარიამ ჯიშკარიანის მტკიცებით, 4 დღემდე არ გრძელდება. მისთვის საეჭვოა თავის და თვალების დაზიანების სიმძიმეც და არ გამორიცხავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ შაქარაშვილი გარკვეული საათების ან დღის განმავლობაში კომაში იყო და ამის შემდეგ გადააგდეს წყალში.
ექსპერტების და იურისტებისთვის, რომლებიც გამოძიების დღიდან რეზონანსული საქმეს აქტიურად აკვირდებიან, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნაში გარდაცვალების დროს არ უთითებს. შენიშვნები აქვთ იმის გამოც, რომ ბიუროს ექსპერტებმა თავის არეში მიყენებული დაზიანებები რენტგენითა და ტომოგრაფიით არ გამოიკვლიეს.
შაქარაშვილის ოჯახის მიერი დაქირავებულმა კერძო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ დღეს განცხადა, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა მექანიკური შეცდომა დაუშვეს.
„მიმაჩნია, რომ გვამური გაშეშება არ უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე. გვამის გარეგან დათვალიერებაში, მორგში, წერია, რომ გაშეშება არაა გამოხატული. ცალსახად მიმაჩნია, რომ სულ ცოტა 3-4 დღე უნდა ყოფილიყო წყალში“, - განაცხადა გეჯაძემ
შაქარაშვილების ოჯახის ნათესავი ამბობს, რომ გარდაცვალების თარიღის შესახებ გამოთქმული ვერსია აბსურდია. თუმცა, ასე არ მიიჩნევს ბრალდებულ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, რომელიც ცხედრის გადაადგილების ვერსიაზე აქამდეც ლაპარაკობდა.
კითხვებს რომელიც საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მტკიცებულებამ - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ გააჩინა, შესაძლოა პასუხი გასცეს რამდენიმე დღის წინ დანიშნულმა დამატებითმა ექსპერტიზამ, რომლის პასუხიც თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გადაკვალიფიცრდა გამოძიება და დაემატა ახალი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა, ამ მუხლით ბრალი ჯერ არავის წარდგენია.
გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.