logo
ENG



ალექსანდრე იაშვილი: მოგიწოდებთ შეზღუდოთ სასამართლოში ვიზიტები

10 მარ 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

სპიკერ-მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს სასამართლოში ვიზიტების შეზღუდვისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ვირუსის გავრცელების რისკების მატებიდან გამომდინარე უმჯობესია თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აუცილებელი საჭიროების გარდა შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, სასამართლოში ვიზიტი მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენენ და მათი სასამართლოში ყოფნა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და საშიშროების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღის განმავლობაში დაახლოებით სტუმრობს 3000-მდე მოქალაქე და დახურულ სივრცეში სხდომის დარბაზებში ტარდება ასობით პროცესი. სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით არის მზარდი. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გარდა გადაუდებელი საჭიროებისა და აუცილებლობისა, შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ ვიზიტები სასამართლოში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტები იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ მხარეები და თქვენი მობრძანება არ უკავშირდება გადაუდებელ აუცილებლობას და საჭიროებას. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველა ერთობლივი ძალებით გადავდგამთ ნაბიჯებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით“, - განაცხადა სპიკერ-მოსამართლემ.

კითხვაზე, დაიხურება თუ არა სასამართლო სხდომები - ალექსანდრე იაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხს მოსამართლეები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

„ამას ინდივიდუალურად მოსამართლე გადაწყვეტს. დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მოსამართლეები კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.


close დახურვა