logo
ENG



ალტ-ინფო შენიღბული ფეისბუქგვერდების გამოყენებით ავრცელებს საკუთარ იდეოლოგიას - ISFED

03 აგვ 202016:28
3 წუთის საკითხავი
clock 8973
srlvdx3w20b7en0.png

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კვლევას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია ალტ-ინფოსთან დაკავშირებული 34 ფეისბუქგვერდი გამოავლინეს. მათი თქმით, ეს გვერდები კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევას ავლენენ.

სამართლიანი არჩევნები ალტ-ინფოს აფასებს, როგორც ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელ პლატფორმას და ვრცლად განმარტავს მათი გავლენის მასშტაბსა და კოორდინირებულ მოქმედებას ფეისბუქზე:

"ამჟამად, ალტ-ინფოს მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეო-გადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 ფეისბუქ გვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 - გვერდი ფარულად არის აფილირებული ალტ-ინფოსთან. 34 გვერდის გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებშიც აქტიურად ზიარდება ალტ-ინფოს სიახლეები. [...] ფეისბუქზე საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება ალტ-ინფომ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა ალტ-ინფოს და მასთან დაკავშირებული, სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ ალფა დომინანტის გვერდები დაბლოკა".

სამართლიანი არჩევნები ფეისბუქის კუთვნილი სოციალური მედიის ანალიზის ხელსაწყოს, CrowdTangle-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ალტ-ინფოს ვიდეოების ნახვების მაჩვენებელი გვერდებზე გაზიარების ხარჯზე იზრდება.

"ალტ-ინფო საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებას ფარულად და ორგანიზებულად, შენიღბული ფეისბუქგვერდების გამოყენებით ეწევა", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციამ კვლევისას ალტ-ინფოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ გვერდებს შორის ანტილიბერალური ნარატივების აქტიურად გამავრცელებელი გვერდებიც აღმოაჩინა, მათ შორის: Geo Pepe, Alpha Dominant და ქართული მარშის ყოფილი წევრის, კონსტანტინე მორგოშიას ფეისბუქგვერდი.

რას სთავაზობს მომხმარაბელს ალტ-ინფო?

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, ალტ-ინფო ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს. ასევე, მონიტორინგით დაადგინეს, რომ მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით.

"ალტ-ინფოს პოსტებსა თუ ვიდეო გადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. მათი ნარატივი მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას მოიცავს. გვერდზე ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაცია. ალტ-ინფო ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას", - წერს ორგანიზაცია და მაგალითად მოჰყავს 2020 წლის 10 ივლისს ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელისა და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის გადაცემაში მიწვევა. 

ვისთან არის დაკავშირებული ალტ-ინფო?

სამართლიანმა არჩევნებმა გამოიკვლია ისიც, რომ შპს ალტ-ინფო 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. 

კვლევაში, ასევე, ნათვამია, რომ ალტ-ინფოსთან დაკავშირებულია კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ ალტერნატივა საქართველოსთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან ქართული მარსის ყოფილი წევრი, კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. 


close დახურვა