logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 03.06.2020

03 ივნ 202009:16
3 წუთის საკითხავი
clock 968
vnhbse1476ghkcy.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 3 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

გარდაცვლილი ახალშობილი

თბილისის გარეუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა დილის საათებში შეატყობინეს. მეზობლების ინფორმაციით, ახალშობილის დედა არასრულწლოვანია და მან ჩვილი, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დავით ქაცარავა სუს-ში დაიბარეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერს საგამოძიებო უწყებაში დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სტატუსით მოუწევს მისვლა. ქაცარავა აცხადებს, რომ ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო. სუს-ის 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დესტრუქციულ კამპანიად არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ პროცესში ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული ცალკეული პირები იყვნენ ჩართული. ასევე დღესაა დანიშნული ქაცარავას სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში.

 

ისტორიული შენობის უკანონო დემონტაჟი

„ფორმულა ნიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილის მოთხოვნით ერეკლე მეორის მოედანზე, მე-19 საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ისტორიული შენობის , უკანონო დემონტაჟი ხორციელდება. ფორმულა ნიუსისთვის მერიის მხრიდან გადმოგზავნილ ოფიციალურ წერილში კი წერია, რომ დემონტაჟის ნებართვა იმ პირობით გაიცა, რომ მესაკუთრე მომავალში ყველა საჭირო დოკუმენტაციასა და ახალი ნაგებობის ესკიზს წარადგენს. 

ისტორიული შენობის „ჟურნალისტთა სახლის“ დემონტაჟს გამოეხმაურა „ევროპული საქართველო“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება კანონს უხეშად არღვევს. ირაკლი აბესაძის თქმით, მაღალჩინოსნები ბიძინა ივანიშვილის გამო მზად არიან, სისიხლის სამართლის დანაშაული უსიტყვოდ ჩაიდინონ. 

 

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი იხსნება

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის აშენებას გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ხე-ტყე ემსხვერპლა. აქტივისტი ნატა ფერაძე გაჩეხილი ტერიტორიების ფოტო მასალას ავრცელებს. მისი თქმით, დენდროპარკის შენების გამო, რეგიონებში მიკროკლიმატი აირია. ფერაძე ამბობს, რომ ივანიშვილი პარკის მოსაწყობად ფულს ბიუჯეტიდან იღებდა. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს და ის, სავარაუდოდ, 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება.

 

ტიკარაძის უარი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში არ მივა. მინისტრმა სხდომის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა. ტიკარაძეს დამოუკიდებელი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 18 მაისიდან იბარებენ, რეგლამენტის თანახმად კი მინისტრი კომიტეტში დღეს უნდა გამოცხადებულიყო. ფრაქციაში მიაჩნიათ, იმ საკითხების განხილვა რაც ოპოზიციას ახლა აინტერესებს, ივნისის ბოლოს დაგვიანებული იქნება. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს არღვევს. 

 

აქცია ლაგოდეხში

ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის მრიცხველების დემონტაჟსა და ტარიფების დაწევას ითხოვს. მოქალაქეებმა გადასახადის ისევ სულადობის წესის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, რომელმაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წყალი დაბინძურებული და სასმელად უვარგისია. მათივე თქმით, იმის გამო, რომ წყალი არ მიეწოდებათ, სარწყავადაც სასმელი წყლის გამოყენება უწევთ და მაღალი გადასახადი მოსდით. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

800 ინფიცირებული, მათგან 624 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. მე-13 პაციენტი საქართველოში გუშინ გარდაიცვალა. ვირუსს ამჯერად 76 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც სხვა თანმხლები დაავადებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის სოფელ მუშევანის კლასტერს განეკუთვენობდა. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონ 450 ათასს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 382 ათასზე მეტია.

ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 1 232 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით უკვე 31 309 ადამიანია გარდაცვლილი. მიუხედავად ამისა, რიო-დე- ჟანეიროში შეზღუდვების ნაწილის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამუშავდება მაღაზიები და ღია რესტორნები. 

 

პროტესტის მე-8 დღე აშშ-ში

კომენდანტის საათის მიუხედავად, ლოს ანჯელესსა და ნიუ-იორკში ათასობით ადამიანმა მასშტაბურ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა მეტწილად მშვიდობიან აქციებს, დაკავებების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. საპროტესტო აქციები პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ, არეულობაში გადაიზარდა ატლანტაშიც, სადაც კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ პოლიციამ და ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს. 

კომენდანტის საათის ამოქმედებამ ხელი ვერ შეუშალა დემონსტრაციებს ვაშინგტონშიც, სადაც აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გასაპროტესტებლად, მარში გაიმართა. ათასობით ადამიანმა მსვლელობა თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმის შენობამდე გამართა. აქციის მონაწილეები ლინკოლნის მემორიალთანაც მივიდნენ, სადაც სამხედრო ძალა იყო მობილიზებული. ვაშინგტონის მერის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას იმის შესახებ, რომ ქალაქის ქუჩებში შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეები განლაგდნენ. 


დაკავებებით დასრულდა აქცია პარიზში

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აქცია იყო საფრანგეთშიც, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. საპროტესტო აქცია, პოლიციის მიერ რამდენიმე წლის წინ ფრანგი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის წლისთავზე გაიმართა. ​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ქალაქის მუნიციპალიტეტმა აქციის ჩატარების ნებართვა არ გასცა, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ​ქუჩებში 20 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეებმა ბარიკადების აგება სცადეს. პროტესტის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. შეკრებილების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

 


close დახურვა