logo
ENG



ამბები, რომლებიც 29 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

29 სექ 202009:17
3 წუთის საკითხავი
clock 606
eglwex2ibw4zy08.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 29 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ძლიერი ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე

ცეცხლი ხისა და პლასტმასის მასალების საწყობს გაუჩნდა და 800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. დამწვარია15-მდე მაღაზია. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 16-ი სამაშველო სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა საწყობის მეპატრონე ამტკიცებს რომ სადენები გამოცვლილი და უსაფრთხო იყო. სახანძრო ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე ახლაც რჩებიან. 

 

ხმაური საქართველო-სომხეთის საზღვართან

ხმაური იყო ღამით ნინოწმინდაში, საქართველო-სომხეთის საზღვართან. ადგილობრივებმა აქციას გამართეს და ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეებისთვის შეგროვებული ტვირთის საზღვარზე გატარებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ მედიკამენტების, ტანსაცმლის, საკვებისა და საბურავების გაგზავნა სურდათ, თუმცა სატვირთო ავტომობილებს პოლიცია არ ატარებდა. მოგვიანებით ადგილობრივებმა პოლიციასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სომხეთში სურსათით დატვირთული მანქანები გაგზავნონ. 

 

ვითარება ყარაბაღში

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლებისთვის ემზადებიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმია მორიგი შეტევისთვის მზადყოფნაშია. უწყების ცნობით, რეგიონში არტილერიის დამატებითი ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს. ბოლო ფართომასშტაბიანი სატანკო შეტევა აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ გვიან ღამით განახორციელა. 

არაღიარებული მთანი ყარაბაღის არმიის ცნობით, განადგურებულია აზერბაიჯანის კუთვნილი 22 ტანკი და 10 ერთეული სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკა. ბრძოლის შედეგად კი დაიღუპა 370-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. ოფიციალური მონაცემებით არ აღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის რიგებში დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. დაღუპულები არიან მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც. სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღის ქალაქ მართუნის მახლობლად ჩამოგდებულია აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი. ამ ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური ბაქო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სომხური მხარე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ბაქოსა და სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ამოქმედდა. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 32 გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 33.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 24.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 65 300-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

თავდასხმა „ევროპული საქართველოს” აქტივისტზე

გვიან ღამემდე ჰკითხავდნენ პოლიციაში სადახლოში დაჭრილ ევროპული საქართველოს აქტივისტს. რამილ აბდულაევი ყვება, რომ მას ესროლეს, როცა რკინის ბოძებზე ბანერს ამაგრებდა. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი მომხდარს ქართულ ოცნებას უკავშირებს. აჰმედ იმამყულიევი ამბობს, რომ მას ერთ კვირის წინ მმართველი გუნდის აქტივისტები ემუქრებოდნენ და აფრთხილებდნენ რომ სოფელ სადახლოში ბანერი არ გაეკრათ. 

 

მსხვერპლით დასრულებული ავარია რუსთავში

არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავში. ქვეითად მოსიარულე მოზარდს ავტომობილი რუსთაველის ქუჩაზე დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

ბაჩალიაშვილის საქმე

4 საათს გაგრძელდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების გამოკითხვა პროკურატურაში. მიხეილ რამიშვილის თქმით, გუგლის მიერ ასახული გადაადგილების მიმართულება გარდაცვლილი პროგრამისტის რეალურ მარშრუტს არ შეესაბამება. მეორე ადვოკატი კი, საქმის მასალებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მოწმეები გამომძიებლებმა ძირითადად მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოიკითხეს. ადვოკატებს საკუთარი მოსაზრება აქვთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრეა გაკეთებული. იურისტების თქმით, ისინი შესაბამისმა უწყებებმა საზოგადოებაში თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის გასამყარებლად წარადგინეს. 


close დახურვა