logo

ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 04.05.2020

clock 04 მაი 202010:19
idx9vk7r0gicdrc.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 4 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

COVID-19 საქართველოში

593 ინფიცირებული, მათგან 223 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 830 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა საქართველოში

ვითარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკური საავადმყოფო 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. გვიან ღამით კლინიკას კიდევ ერთი ინფიცირებული დაემატა.  მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. საავადმყოფოში 41 ინფიცირებული მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში

Covid-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში. ინფიცირებული სოფელ ფლავის მაცხოვრებელია.

ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში Covid-19 6 პირს უდასტურდება. 105 ადამიანზე კი თვითიზოლაციის რეკომენდაციია გაცემული. გორიდან ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდის კონტაქტების და თერმოსკრინინგის დროს მომატებული ტემპერატურის მქონე პირების ნიმუშებიც არის გადაგზავნილი.

კიდევ ერთი ინფიცირებული მედიკოსი და ინფექციის გავრცელების საფრთხე კახეთში

კორონავირუსი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანს დაუდასტურდა. ქალი 27 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სტუმრად მეუღლესთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც მას Covid-19 დაუდასტურდა. დაინფიცირებულს კონტაქტი ქმართან, ხოლო მას 2 მეზობელთან ჰქონდა. სამივე თვითზოლაციაშია. მათ ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან.

ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი ყვარელში

ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის კონტაქტების ნაწილი გამოკვლეულია. 62 პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია. 40-ის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან.

კახეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებულ ექიმს 147-მდე კონტაქტი ჰყავს. ასევე დღეისთვის იგეგმება რამდენიმე კონტაქტის სინჯის ტესტირებაზე გაგზავნაც.

პრეპარატ რემდესივირის პერსპექტივა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რემდისივირის დამაიმედებელ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობისას პაციენტთა ნაწილი მოკლე დროში გამოჯანმრთელდა.

რემდესივირის Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებთან გამოყენება აშშ-ში მიმდინარე წლის პირველ მაისს გახდა რეკომენდირებული. პრეპარატი ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

ღამით ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვართან, მეორე კი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანთან იყო.

2 მიწისძვრა

ბიძგები თბილისის დროით ღამის 12 საათსა და 2 საათზე დაფიქსირდა. სიძლიერე 4.4 და 3.4 მაგნიტუდა იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის მოხსნას მოითხოვენ

სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო, სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მთავრობას ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან მოხსნისკენ მოუწოდებს. გაერთიანების წევრების შეფასებით, ზაზა აბაშიძის ფეისბუკ კომენტარი სიძულვილის შემცველია და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ არაჰუმანურ დამოკიდებულებას გამოხატავს. განცხადებას ხელს 8 არასაამთასვრობო ორგანიზაცია აწერს.

საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი მეუღლე გაათავისუფლეს

დე ფაქტო რეჟიმმა ორკვირიანი უკანონო პატიმრობიდან ხურვალეთში მავთულხლართებთან მცხოვრები დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები გაათავისუფლა. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ცხინვალის კარანტინში კიდევ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ 1-ლი იანვირდან 28 თებევრლის ჩათვლით საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 10 მოქალაქე გაიტაცა, საზოგადოებისთვის კი მხოლოდ 3 გატაცების ფაქტია ცნობილი.

გირჩის წევრების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიტიკური პარტია გირჩის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება. აქტივისტები საპროტესტო აქციის გამართვის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოზე ბრალდების მხარე მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს და პოლიციელები ცრუ ჩვენებებს მისცემენ.

ერთი კვირის წინ გირჩის წევრებმა და მხარდამჭერებმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გააპროტესტეს. პოლიციამ 3 ადამიანი, მათ შორის 2 გირჩის წევრი დააკავა. დააჯარიმეს აქციაზე მყოფი სხვა პირებიც.

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა. პანდემიით გადრდაცვლილთა რიცხვი 250 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 156 ათასს აჭარბებს. ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილს კვლავ შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 68 ათასს აჭარბებს.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა მსოფლიოში

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის ფონზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 315, იტალიაში 174, ესპანეთში 164, საფრანგეთში კი 135 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა ახალ ზელანდიაში. ჩინეთში კი მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თურქეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 61 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა მსოფლიოში

ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება რუსეთში, სადაც დროის ამავე მონაკვეთში 58 ადამიანი დაიღუპა და კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 1 280 შეადგინა.

ჩინეთი კორონავირუსზე ინფორმაციას მალავდა - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

შეერთებულ შტატებს გააჩნია მტკიცებულება, რომ Covid-19-ზე ინფორმაციის დასამალად ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე ავსტრალიური მედია სადაზვერვო კავშირის „ხუთი თვალის" მოხსენებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთი განზრახ უშლიდა ხელს ახალი კორონავირუსის შესახებ მტკიცებულებების გავრცელებას მის ადრეულ ეტაპზე.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა