logo

ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 05.05.2020

clock 05 მაი 202010:28
fgouqsr81h7z0z6.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 5 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


ქალაქები იხსნება

დღეიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადადის. უკვე დილიდან ჩაკეტილი აღარაა ორი დიდი ქალაქი - ბათუმი და ქუთაისი, შესაბამისად მოხსნილია ყველა გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ეს არ ეხება კომენდანტის საათს. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები, სადაც მგზავრების თერმოსკრინინგი გაგრძელდება.


via GIPHY


ქალაქის შესასვლელებთან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მგზავრთა გადაყვანის, ავტომობილით გადაადგილების წესებს და კომენდანტს საათს გააკონტროლებენ. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავს, აქ შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვირის ბოლომდე ძალაში დარჩება. 


შეზღუდვების მოხსნის II ეტაპი

დღეიდან შეზღუდვები  სამშენებლო კომპანიებსაც ეხსნება. ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით  დღეიდან  ამ სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. ასევე ნებადართულია ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობაც. 

აკრძალვების ეტაპობრივ შემსუბუქებას ეხმაურებიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავრობა შეზღუდვებს ნელი ტემპით არბილებს, რაც მათი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.  ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს რომ საპარლამენტო მუშაობის აღდგენა აუცილებელია , იმისთვის რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კონკრეტული და საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს,

 

იუსტიციის სახლები მუშაობას აგრძელებს

დღეიდან მუშაობას აღადგენენ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრებიც.  თუმცა, სერვისებით სარგებლობა მოსახლეობას მხოლოდ დაჯავშნის პრინციპით შეეძლებათ. ამისათვის მოქალაქემ პორტალზე Mygov.ge-ზე ადგილი უნდა დაჯავშნოს, იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება, არასრულწლოვნების შესვლა კი აკრძალული. ამ ეტაპისთვის კვლავ გაუქმებულია სარიტუალო წესით ქორწინების რეგისტრაცია. 


COVID-19 საქართველოში

604 ინფიცირებული, მათგან 240 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.

via GIPHY

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ პიკზეც ისაუბრა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მომავალი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის მცირე რაოდენობით ზრდას ელოდება. მისივე განმარტებით, ეს ჯანდაცვის სექტორისთვის პრობლემას არ შექმნის.    


ვითარება რეგიონებში

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID-19-ზე 96 ადამიანი შეამოწმეს. მათგან 80 მედპერსონალი იყო, 16-ს კი ტესტირება ცხელების გამო ჩაუტარდა. არც ერთ გამოკვლეულს ინფექცია არ დაუდასტურდა. ზუგდიდში კიდევ 39 პირის ტესტირების პასუხს ელიან. 

ასევე, დღეს გახდება ცნობილი კახეთის სოფელ ნუკრიანში კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის მეუღლისა და თვითიზოლაციაში მყოფი მისი სამი მეზობლის ტესტირების პასუხები. 

რაც შეეხება ბოლნისს, სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების 74 კონტაქტის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დაინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების მოძიება და ინფიცირების წყაროს კვლევა.


სწრაფი ტესტები სამხრეთ კორეიდან

დღეს ქვეყანაში სწრაფი ტესტების ახალი მარაგი ჩამოვა. 50 ათასი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი სამხრეთ კორეიდან ჩამოდის. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში ტესტების საკმარისი რაოდენობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ტესტების შემოტანა საქართველოში ერთი თვით ადრე უნდა დაწყებულიყო, რათა ეპიდემიის მართვაზე კონტროლი სახელმწიფოს უფრო ადრე მოეხდინა. სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ტესტირება მხოლოდ კოვიდმიმღები კლინიკების მედპერსონალს არ უნდა ჩაუტარდეს. 


სპეცრეისი ათენიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად ათენიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ. 

via GIPHY

 

სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:

  • 7 მაისი: ამსტერდამი-თბილისი;

  • 9 მაისი: ბერლინი-თბილისი;

 

ინდოელი ემიგრანტების დახმარება

სოლიდარობის ჟესტი ინდოელი ემიგრანტებისგან. საქართველოში მცხოვრები ინდოელები სისხლის ბანკში სისხლს გაიღებენ. ისინი საქართველოს მოქალაქეებსაც ანალოგიურისკენ მოუწოდებენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ემიგრანტები კორონავირუსის კრიზისის პირობებში, სხვადასხვა მოქალაქეს ეხმარებიან. რამდენიმე კვირის წინ მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები მიუტანეს. ამ ფორმით დახმარებას საქართველოში მცხოვრები ინდოელები მომავალშიც გეგმავენ.


სააკაშვილის თანამდებობა უკრაინაში

უახლოეს დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამას წერს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა" , პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.

„სააკაშვილს უახლოეს დღეებში დანიშნავენ. ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით რა პოზიციაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა უნდა თქვას. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მთავრობას დაეხმარება," - ვკითხულობთ სტატიაში. თითქმის ორი კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. 


COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3.6 მილიონს გადააჭარბა. პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვი 252 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 200 ათასს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა 2%-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილს კვლავ შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში კოვიდინფექციით დაღუპულთა რაოდენობა 70 ათასს მიუახლოვდა. შტატებში ბოლო 24 საათში 25 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 1 324-ით გაიზარდა.

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის ფონზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 288, იტალიაში 195, ესპანეთში 164, საფრანგეთში კი 306 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ქვეყნებიდან ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი ახალი, 4 000-მდე შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დადასტურდა. ევროპაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვით ესპანეთი ლიდერობს, გარდაცვლილთა ოდენობით კი წამყვანი კვლავ იტალიაა.

ინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევები გამოვლინდა გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა კი არ გაზრდილა. ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში, რომლიდანაც კოვიდინფექცია გავრცელდა, ამ დროისთვის ვირუსის მხოლოდ 481 მიმდინარე შემთხვევა რჩება. აქ დაინფიცირებული 83 ათასამდე პაციენტიდან 77 ათასზე მეტი უკვე განიკურნა, ხოლო 4 633 გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება რუსეთში, სადაც ბოლო 1 დღეში 76 ადამიანი დაიღუპა და კოვიდინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 356-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეს დადასტურებულ შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა ვლინდება, გუშინ ვირუსი რუსეთის ფედერაციაში 10 581 ადამიანს აღმოაჩნდა.


CNN რუსეთის შესახებ

სამი რუსი ექიმის საავადმყოფოების ფანჯრებიდან გადავარდნა საზოგადოებაში  კითხვებს ბადებს. ამ შინაარსის პუბლიკაციას „სი-ენ-ენი" აქვეყნებს. სტატიაში სამ მედიკოსზეა საუბარი, რომელთაგან ორი დაიღუპა, ერთი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ამერიკული ტელეკომპანია „სი-ენ-ენი" ყურადღების მიღმა არც რუსეთში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებს ტოვებს და წერს, რომ ამჟამინდელი ვითარება პუტინისთვის ხიფათის შემცველია. 

 

ჯანმოს განცხადება

ახალი კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული კომენტარი სპეკულაციაა. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მედიისთვის გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. 

ორგანიზაციის კრიტიკული სიტუაციების მთავარი ექსპერტის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის დირექტორიც, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსი კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოების გვერდით და მისი დასამარცხებელი ხელმისაწვდომი საშუალების შესაქმნელად მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. 


ასევე წაიკითხეთ
close დახურვა