logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 07.11.2019

07 ნოე 201909:57
3 წუთის საკითხავი
 
5mm53i84lfwqrdh.jpg

ოკუპანტებმა 28 წლის კაცი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან ახლოს 28 წლის საქართველოს მოქალაქის, ზაქრო ბუთხუზის უკანონოდ დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. უწყების განცხადებით, ცხელი ხაზი უკვე ამოქმედდა და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბუთხუზი გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას დააკავეს.



„შინდისის“ ამერიკული პრემიერა

ლოს ანჯელესში ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის „შინდისი“ ამერიკული პრემიერა ფესტივალ Asian World Film Festival ფარგლებში გაიმართება.

„შინდისი“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან დაღუპული 17 ქართველი სამხედროს ისტორიას ეძღვნება. ფილმმა ვარშავის  საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი მოიპოვა. დიტმიტრი ცინცაძემ კი საუკეთესო რეჟისორის ტიტული დაიმსახურა.


ლუფთანზას თანამშრომლების გაფიცვა

ლუფთანზას თანამშრომლებს განზრახული აქვთ ასობით რეისის ჩაშლა ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მათი განცხადებით, გაფიცვა 48 საათი გაგრძელდება. გაფიცვაზე სანქცია ფრანკფურტის სასამართლომ გასცა.

ლუფთანზამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მოუბოდიშა ყველა მომხმარებელს ვის ფრენაზეც პროტესტს გავლენა აქვს. გერმანული ავიაკომპანიის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ.

ლუფთანზას თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ.


ქართველი მსაჯების გუნდი ევროპის ლიგის მატჩზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ლიგის მეოთხე ტურში „ლუგანოსა“ და „მალმიოს“ შორის გასამართ მატჩს ქართველი მსაჯებით დაკომპლექტებული გუნდი განსჯის.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ვისაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება.

ევროტურნირების მატჩი ქართველმა სპეციალისტმა ბოლოს 12 წლის წინ განსაჯა.


საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში

6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ‘’საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას’’ (GDSC) მასპინძლობს. კონფერენცაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. რიგით მე-13 კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტარდება. კონფერენცია ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი გახსნა.

 

 


close დახურვა