ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 10 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
635 ინფიცირებული, მათგან 309 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა
აჭარაში, რამდენიმე დღეა ინტენსიურად წვიმს, მიწის ჩამოშლა კი, სავარაუდოდ, უამინდობამ გამოიწვია. გზა ქვის უზარმაზარი ლოდებითა და ხეებითაა ჩახერგილი. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ბაკურიანში მაისის თოვლი მოვიდა
BAKURIANI.GE-ს ინფორმაციით, დათოვლილი ბაკურიანის ფოტოები დღეს, 10 მაისს არის გადაღებული.
ბერლინი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა
Ბერლინიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს
COVID-19-ის გავრცელებისას დაწესებული შეზღუდვების ფონზე ეს მეოთხე ჩარტერული რეისია ბერლინიდან.
Უახლოეს დღეებში დაგაგემილია სპეციალური რეისები შემდეგი ქვეყნებიდან:
12 მაისი: ლონდონი - თბილისი
15 მაისი: ამსტერდამი - თბილისი
18 მაისი: ლარნაკა - თბილისი
მოსკოვში დაიწვა საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები იმყოფებოდნენ
მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობდნენ, ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა - წერს რუსული მედია.
საავადმყოფოს შენობიდან 295 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა.
ობამა Covid19-ის წინააღმდეგ ტრამპის ქმედებებს ქაოტურს უწოდებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერის, დონალდ ტრამპის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ „ქაოტურ კატასტროფას“ უწოდებს - ამბობს, ობამა სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს.
ობამამ ტრამპის გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას კრიზისის დროს ძლიერი სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობის აუცილებლობა.
პრეზიდენტი მოუწოდებს მის მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირონ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს - ვინაიდან, მისი თქმით, ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით კორონავირუსის პანდებიის გამო გადაიდო.
მთავრობის ინიციატივას საპრეზიდენტო არჩევნების ფოსტით ჩატარების შესახებ, ოპოზიციის მხირდან მხარდაჭერა არ მიუღია. საპრეზიდენტო არჩევნების ახალ თარიღს სეიმის სპიკერი გამოაცხადებს.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 280 000-ს აღწევს
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4,101,974 ადამიანი დაინფიცირდა, 1,441,866 კი გამოჯანმრთელდა. ინფექციას უკვე 280,451 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, 47 600-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.