უგულავას დაკავება და დასავლეთის კრიტიკა
კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას ტვიტერზე გამოეხმაურნენ. კირზინგერის განცხადებით, იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა. მისი თქმით, სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის. სენატორი რიში კი იმედგაცრუებას გამოთქვამს, რადგან "საქართველომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროების გაზრდის გზა აირჩია".
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს. ევროპული საქართველოს ლიდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიყვანეს, სადაც ის უწყების ჩაბარების შემდეგ თავად გამოცხადდა. უგულავას ადვოკატი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს. ბექა ბასილაიას თქმით, ივანიშვილი დიქტატორია, რომელიც საკუთარ დაპირებას ასრულებს და ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებს. შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ე.წ მატროსოვის ციხეში გადაყვანამდე გიგი უგულავა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტაციულ შენობაში თავად მივიდა. თბილისის ყოფილი მერი სამინისტრომდე ქალიშვილმა მიაცილა. შენობასთან მას ოპოზიციის ლიდერებიც დახვდნენ, რომლებმაც ევროპული საქართველოს ლიდერი ტაშითა და შეძახილებით შეაცილეს. სანამ გიგი უგულავას დააკავებდნენ, ოპოზიციონერი ლიდერი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანაპარტიელებს დაემშვიდობა. „ევროპული საქართველოს" ოფისში იყვნენ შეკრებილები გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც. ისინი უგულავას დაკავებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით ბიძინა ივანიშვილმა დაანონსებული რეპრესიები დაიწყო. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით ოლიგარქი ოპოზიციის წევრების დაკავებით მათ დაშინებას ცდილობს.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.
ოპოზიციის გეგმები
გიგი უგულავას დაკავების გამო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე უარს ამბობენ. ოპოზიციის წევრები თბილისსა და რეგიონებში დაუმორჩილებლობასა და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. უფრო კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე კი ისინი დღეს ლეიბორისტულ პარტიაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მეხუთე რაუნდის ჩაშლას ეხმაურება კახა კალაძე. თბილისის მერის თქმით, ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთვევაში არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.
აქტივისტების გეგმები
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. აქტივისტების თქმით ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მწვავე სახეს მიიღებს. მოძრაობებში "სირცხვილია" და „შეცვალე" არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სხვა ოპოზიციური ლიდერებიც დააკავოს. მათი განმარტებით მსგავსი სახის გადაწყვეტილებები პროტესტის მუხტს ვერ შეანელებს.
დაიჭერენ თუ არა ნიკა გვარამიას
გიგი უგულავას შემდეგ, შესაძლოა ნიკა გვარამიაც დაიჭერენ - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთავარი არხის გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესია დანიშნული. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც, შესაძლოა, დაკითხვაც დაიწყოს. გვარამიას საქმეზე მოსამართლე არევაძის ჩამოშორების გამო, 30 იანვარს საქმის ხელახალი არსებითი განხილვა დაიწყო. გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ნიკა გვარამიას „რუსთავი 2"-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
საქართველო აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში
ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ფისკალური ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოც მოხვდა - სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სამხედრო დახმარების სახით 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის დახმარების პრიორიტეტი რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა. ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად დაფინანსება ხელს აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნებს შეუწყობს. დოკუმენტში დაფინანსების პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო, უკრაინა, ესტორნეთი, ლიეტუვა, ლატვია ფრონტის ხაზის ქვეყნებად არის მოხსენიებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დასაფინანსებლად სულ 41 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
თურქეთი VS სირია
თურქეთის არმიამ სირიაში სამთავრობო ძალების ობიექტები დაბომბა. საჰაერო და საარტილერიო იერიშების სამიზნე 100-ზე მეტი ობიექტი იყო. თურქული მხარის განმარტებით, 101 სირიელი ჯარისკაცია განეიტრალებული. ოფიციალურმა ანკარამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში, თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე მიიტანა იერიში, რასაც 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ თუკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვეოდა თურქეთი სირიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა და რუსეთმა მიაღწიეს. ანკარა და მოსკოვი კონფლიქტში ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეებს უჭერენ მხარს. გაეროს ინფორმაციით, დეკემბრიდან დღემდე დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
კორონავირუსის განახლებული შედეგები
ახალი კორონავირუსის შედეგად ჰუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა. ეაპიდემიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი მთლიაობაში ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ჯანდაცვის კომისიამ ვირუსით დაინფიცირებულთა 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევის შესახებ დაადასტურა. საერთო ჯამში 42 ათასაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. შექმილი ვითარების პარალელურად ჩინეთის პრეზიდენტი ერთ-ერთ საავადმყოფოს ესტუმრა, სადაც მან თავისი ტემპერატურა შეამოწმა. სამედიცინო ექსპერტები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან უკვე ჩინეთში არიან.
აშშ-ის ბრალდება ჩინელ ოფიცრებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის არმიის ოთხ ოფიცერს უმსხვილეს ამერიკულ საკრედიტო ბიუროზე თავდასხმისთვის დასდო ბრალი. 2017 წლის კიბერშეტევის საქმის ფარგლებში 147 მილიონი ამერიკელი დაზარალდა. ზიანი ბრიტანელ და კანადელ მომხმარებლებსაც მიადგათ. ჰაკერებმა მაშინ სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის გარდა, კომპანიის საიდუმლო ინფორმაციაც მოიპარეს. კიბერდამნაშავეები სისტემაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, ეს ისტორიაში პირადი მონაცემების ხელყოფის ყველაზე დიდი შემთხვევა იყო.
ოსკარების სატელევიზიო რეიტინგი
ამერიკის კინოაკადემიის 2020 წლის სატელევიზო რეიტინგებმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. შეერთებული შტატების მასშტაბით მთავარი კინომოვლნის 92-ე ცერემონიას 24 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ოსკარებს გასულ წელს თითქმის 30 მილიონი ადამიანი უყურებდა ტელევიზორის მეშვეობით. დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური ღონისძიება, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ყურებადია დაჯილდოების ცერემონიებს შორის.