ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 14 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.
ინფიცირებული სასულიერო პირი
ფორმულას ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მოღვაწე სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამ ინფორმაციას საპატრიარქოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, მღვდელმა ოჯახის წევრებიც დააინფიცირა.
როგორც თეოლოგი ამბობს, დაინფიცირებული მღვდელი ბზობის დღესასწაულზე წირვა-ლოცვებს აღავლენდა. საპატრიარქოში აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ სასულიერო პირი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტაძარში სავარაუდო ინფიცირების გამო არ იმყოფებოდა.
ფორმულასთვის, ასევე, ცნობილი გახდა სასულიერო პირის დაინფიცირების შესაძლო შემთხვევა ქალაქ რუსთავში. წყაროს ინფორმაციით, მღვდელთმსახურის დაინფიცირება 2 კვირის წინ დადასტურდა, თუმცა საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს ასაიდუმლოებს.
5 დღე აღდგომამდე
19 აპრილს საქართველო აღდგომას აღნიშნავს. ამ დრომდე უცნობი რჩება, შეიცვლება თუ არა აღდგომის აღნიშვნის ტრადიციული ფორმა და როგორ ჩატარდება სააღდგომი ლიტურგია ეკლესიებში.
ხელისუფლება საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. გვიან ღამით საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, რომელსაც პრემიერ მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა. უკავშირდებოდა თუ არა ვიზიტი სასულიერო პირის დაინფიცირების შემთხვევას, ეს დღეს გაირკვევა. წინასწარი ცნობით, შეხვედრაზე საუბრის თემა სწორედ სააღდგომო ლიტურგია და ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეპიდსიტუაცია იყო.
COVID-19 საქართველოში
296 ინფიცირებული, მათგან 68 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევა დადასტურდა.
150 ლარი უმუშევრად დარჩენილებს
საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარს მიიღებენ.
ფულად დახმარებას მიიღებენ ის ბიზნეს ორგანიზაციებიც, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ. ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელზე, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა.
სპეცრეისი ამსტერდამიდან
დღეს მორიგი სპეცრეისი ამსტერდამიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოში კიდევ 120 მოქალაქე დაბრუნდება. რეისს კვლავ ჯორჯიან ეარვეისი განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევროა. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს საკარანტინე სივრცეში მოათავსებენ.
სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:
-
16 აპრილი: პარიზი-თბილისი
-
18 აპრილი: თელავივი-თბილისი
-
21 აპრილი: რომი-თბილისი
-
24 აპრილი: ბარსელონა-თბილისი
-
27 აპრილი: ვარშავა-თბილისი
-
30 აპრილი: მადრიდი-თბილისი
-
2 მაისი: პრაღა-თბილისი
COVID-19 მსოფლიოში
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსს უკვე 119 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია. მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - თითქმის ნახევარი მილიონი. ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 4%-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღის განმავლობაში საშიშ ვირუსს 1,535 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 23,600-ს გადააჭარბა, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კი უკვე 585 ათასზე მეტია. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ინფიცირებულთა რაოდენობამ 195 ათასს გადაააჭარბა, რაც უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ცალკეულ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სხვადასხვა შტატი დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. ნიუ-იორკის ხელისუფლება კარანტინის ეტაპობრივი გაუქმებისა და ბიზნესის ამოქმედების გეგმაზე მეზობელ შტატებთან ერთად მუშაობს.
საფრანგეთში გუშინ ინფექციამ 574 ადამიანი იმსხვერპლა, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 14 967 შეადგინა. საფრანგეთში მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც - ბოლო 1 დღეში ვირუსი 4 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. Საფრანგეთის პრეზიდენტმა საყოველთაო კარანტინი 11 მაისამდე გაახანგრძლივა. ემანუელ მაკრონმა, აღიარა ისიც, რომ საფრანგეთის ხელისუფლება პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს მოუმზადებელი შეხვდა.
WHO ვაქცინის იმედად
ვირუსის გლობალური გავრცელებას საბოლოოდ მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ტედროს გებრეისუსის თქმით, მოცემულ ეტაპზე დაავადების შემთხვევების ადრეული აღმოჩენა, ტესტირება და კონტაქტის მოძიება დაავადების გავრცელების შეჩერებისთვის გადამწყვეტ კრიტერიუმებად რჩება. WHO-ს პრეზიდენტმა ქვეყნები პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ერთიანად გაუქმების საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.
ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასა და მასიურ წარმოებაში ჩაშვებას სულ მცირე 1 წელი დასჭირდება.