logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 15.04.2020

15 აპრ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
4ouvyhwnai74x5a.png

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 15 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

4 დიდი ქალაქი იკეტება

დღეს 21:00 საათიდან, 10 დღით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. საგანგებო მდგომარეობა კი ქვეყნის მასშტაბით 10 მაისამდე გაგრძელდება. ამისთვის პრეზიდენტმა პარლამენტს უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ პრემიერმინისტრმა ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, დაუშვებენ გამონაკლის შემთხვევებსაც, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე იქნება შესაძლებელი.

via GIPHY

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ ვრცელდება. ხელისუფლების ოპონენტები ეკლესიის მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც რეკომენდაციების მიუხედავად ქუჩაში მაინც გამოდის და არც თავშეყრის ადგილებს ერიდება, მათ შესაჩერებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

 

4 დღე აღდგომამდე

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები დღეს გახდება ცნობილი. თუმცა, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ განაცხადა, რომ ლიტურგია აუცილებლად ჩატარდება. მთავრობის პოზიციაც მსგავსია. გიორგი გახარიას თქმით, კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ღამეს ეკლესიები ვერ დაიკეტება, პასუხისმგებლობა კი საზოგადოებას ეკისრება.

პრემიერის განცხადებას აკრიტიკებენ მესამე სექტორისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. სახალხო დამცველმა კი უიმედო ვითარება უწოდა იმას, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩა.

 

COVID-19  საქართველოში

306 ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ.

via GIPHY

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ქვეყანაში, შესაძლოა, ათასობით კოვიდინფიცირებული პაციენტი იყოს.

 

ვითარება ახალგორში

ახალგორის მოსახლეობა რეგიონში ჯანდაცვის სიტემის ხარვეზებზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ახალგორის საავადმყოფოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კლინიკაში ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთს გულის შუნტირება ესაჭიროება, მეორეს კი ქიმიოთერაპია. მოსახლეობა შიშობს, რომ არასათანადო მკურნალობის პირობებში მათი სიცოცხლე უახლოეს პერიოდში საფრთხის ქვეშ დადგება. 

via GIPHY

მოსახლეობა დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. ისინი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები ადგილზე სათანადო მკურნალობას ვერ იღებენ, რაც ხშირად მათი გარდაცვალების მიზეზიც ხდება.

 

ჯარიმა ტიტებისთვის

თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზობის დღეს ტიტების გაყიდვისთვის 3000 ლარით დაჯარიმეს, მოქალაქეებმა 5000 ლარი შეუგროვეს. როგორც დაჯარიმებული რადიო თავისუფლებასთან” ყვება, ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული აღარ ჰქონდა. მისი თქმით, სულ 9 ტიტა გაყიდა, თუმცა ახლა ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა უწევს.

შეგახსენებთ, ბზობის აღსანიშნავად საქართველოს ეკლესიებში ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, ფოტომასალით ირკვეოდა, ზოგიერთ ტაძარში, არ იყო დაცული დისტანციაც, თუმცა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ისინი არ დაუჯარიმებიათ.

 

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირენულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 126 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებით დასრულდა 484 ათასზე მეტი შემთხვევა. ვირუსით დაინფიცირებულ 51 600-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

შეერთებულ შტატებში, სადაც ეპიდსიტუაცია ყველაზე რთულია, ერთი დღის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. აშშ-ში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 2 407 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 27 ათასს მიაღწია. ამერიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, უახლოეს მომავალში ქვეყნის გახსნის და ეკონომიკური საქმიანობის განახლების შესახებ განცხადებები ზედმეტად ოპტიმისტურია.

via GIPHY

იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა, თუმცა შემცირებულია ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ს 602 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 21 ათასს აჭარბებს. იტალიაში ახალი კორონავირუსი სულ 162 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე განკურნებულია 37 130.

 

ტრამპი WHO-ს წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უჩერებს და ამბობს, რომ ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაავრცელა.

შეერთებული შტატების პირველი პირის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხას  მანამდე არ შეიტანს, სანამ ვაშინგტონი არ შეისწავლის, რამდენად სწორი რეაგირება მოახდინა ჯანმო-მ პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ 60-დან 90 დღემდე ვადაში ვაშინგტონი გამოიძიებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მართვაში არსებულ ხარვეზებს და მის როლის კოროვირუსის გავრცელებაში”. 


close დახურვა