ვირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები გარდაუვალია
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ეს ბუნებრივი პროცესებია რომლის დაწყებაც ქვეყანაში დროის საკითხია. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამიერიდან ტესტირება არამხოლოდ რისკ ჯგუფის პაციენტებს, არამედ ყველა საეჭვო სიმპტომებიან პირს ჩაუტარდება.
მედიკოსები მოსახლეობას COVID-19-სგან თავის დასაცავად ყველა იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა გავრცელებული. რაც შეეხება ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობას, ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, კარანტინში 1344 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 216.
ჯანმოს ხელმძღვანელის მიმართვა მსოფლიოს მოსახლეობას
„ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ეს ასე მოხდება''- ასე მიმართა ჯანმოს ხელმძღვანელმა მოსახლეობას. ტედროს გებრეიესუსმა ქვეყნებს ეპიდემიის გასაკონტროლებლად და მის შესაჩერებლად ყოვლისმომცველი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ქვეყნებმა რაც შეიძლება მეტი შესაძლო შემთხვევის იზოლირება, ტესტირება და წარმომავლობის დადგენა უნდა მოახდინონ. გებრეიესუსის განცხადებით ფიზიკური დისტანცირების ზომები, როგორიცაა ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმება, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას. შედეგად, შესაძლოა ეპიდემია მართვადი გახდეს.
მადლობა ქართველ ექიმებს
სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად საქართველოში აქცია „მადლიერების ტაში" გაიმართა. ზუსტად 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანები საკუთარი სახლებიდან აივანზე გამოვიდნენ და სამედიცინო პერსონალი ერთგვარი პერფორმანსით, ტაშის დაკვრით გაამხნევეს. ამ გზით საქართველოს მოქალაქეებმა იმ ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის დაუღალავად შრომობენ, მადლობა გადაუხადეს. მსგავს ფორმას ექიმების მხარდასაჭერად ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიმართეს.
პროფკავშირები დასაქმებულებს დახმარებას სთავაზობს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზად არის უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ყველა დასაქმებულს დაეხმაროს. იმ შემთხვევაში თუ მათ იურიდიული დახმარება ან აქციების სახით პროტესტის გამოხატვა მოუნდებათ. პროფკავშირებში ასევე მზად არიან კონსულტაციები გაუწიონ დამსაქმებლებს, რათა მოქალაქეები საარსებო მინიმუმის გარეშე არ დარჩნენ. პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, გაერთიანებაში დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მხრიდან მიმართვიანობა უკვე საკმაოდ დიდია.
სინოდი 20 მარტს შეიკრიბება
შეიზღუდება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით ხალხმრავალი რიტუალები? და შეიცვლება თუ არა ზიარების წესი? ამ საკითხებზე სასულიერო პირები ხვალ სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ. ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას თქმით, საგანგებოდ ჩანიშნულ სხდომაზე სასულიერო პირებმა ვირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე უნდა იმსჯელონ. მისი თქმით, ყველა ინსტიტუცია, მათ შორის ეკლესიაც, ვალდებულია ქვეყანაში მიმდინარე ვითარება გაითვალისწინოს და შესაბამისად იმოქმედოს. ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ სინოდი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება
მსოფლიო საპატრიარქო, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო მარტის ბოლომდე ყველა რელიგიურ მსახურებას და წესების შესრულებას წყვეტს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც წერია, რომ საპარტიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას და ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებლობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ. მიღებული გადაწვეტილება არ შეეხება პირად ლოცვებს ეკლესიებში. ტაძრები ამ პერიოდის განმავლობაში ღია იქნება. შეზღუდვები პანდემიის გავრცელების შესაბამისად გადაიხედება. მსოფლიო საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდონ ქუჩებში გამოსვლა, დარჩნენ სახლში, საკუთარი და სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის.
დისტანციური პარლამენტი
პარლამენტის დისტანციური მუშაობის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს იმსჯელებენ. კანონპროექტთან დაკავშირებით ცვლილებებს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტის ხანგრძლივობასა და კიბერუსაფრთხოებაზე საუბრობენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, მსგავსი სახის ცვლილებები მხოლოდ ერთჯერადი სახითაა მისაღები, რადგან, სახელმწიფო ტექნოლოგიურად მსგავსი სახის გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ფირქობენ, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება სარისკოა.
კორონავირუსი მსოფლიოში
იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ოთხშაბათს, ერთი დღის განმავლობაში ვირუსს 475 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით დაავადების შედეგად გამოწვეული გართულებებით თითქმის 3 000 ადამიანი დაიღუპა. გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთშიც. COVID-19 აქ უკვე 110 ადამიანს დაუდგინდა. რუსეთში ინფიცირების 147 შემთხვევას ადასტურებენ. გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთშიც. თურქეთში კი ახალ კორონავირუსს მეორე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 191-ს მიაღწია. ვირუსმა აშშ-ს ყველა შტატში შეაღწია ბოლო მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით ახალ კორონავირუსს 8,965 ადამიანი ემსხვერპლა. დაფიქსირებულია ინფიცირების 200-ს ათასზე მეტი შემთხვევა.
პანდემიის დაწყების დღიდან პირველად, ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა ჩინეთის ქალაქ უჰანში. პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში 84 113 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.