logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 20.12.2019

20 დეკ 201910:40
3 წუთის საკითხავი
 
5ru7hpfb7ibuyen.jpg

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში

დღეს ახალგორის სასამართლოში ვაჟა გაფრინდაშვილის პროცესი გაიმართება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალშია განთავსებული. 42-ე დღეა ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. უკანონო ტყვეობაში მყოფი ცნობილი ექიმი დუმილის უფლებას იყენებს. მან მხოლოდ პირველ ე.წ. პროცესზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ცხინვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.

ვაჟა ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ყველაზე მასშტაბური აქცია, ექიმის ოჯახისა, კოლეგებისა და მეგობრების ორგანიზებით, 15 დეკემბერს, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ოძისში გაიმართა. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ბუშტებზე გამობმული ექიმის ხალათი გაუშვეს ცაში სიმბოლურად. მათ ოსურ ენაზე მიმართეს გაფრინდაშვილის ოს კოლეგებს და განაცხადეს, რომ მთელ მსოფლიოში ექიმებს საზღვრები არ აქვთ.

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ, დაკავების დღიდან, ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ევროკავშირი და აშშ-ის მთავრობა, რომლებმაც ცნობილი ქართველი ექიმის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

 

ოპოზიციისა და ხელისუფლების ბოლო რაუნდი?

სასტუმრო შერატონში, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით, ამ დროისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც მედიისთვის კვლავ დახურულია.

ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ მის მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კომპრომისული იქნება ყველა მხარისთვის: უმრავლესობისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ოპოზიციისთვისაც.

მმართველ პარტიას ჯერ-ჯერობით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა ფორმულასთან განმარტა, რომ ეს არ იქნება არც გერმანული მოდელი და არც მთლიანად პროპორციული სისტემა, თუმცა მიახლოებული იქნება პროპორციულთან, რაც მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის.

ხორავას და 20 ივნისის საქმეების განხილვა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, დავით სარალიძე განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზაზა სარალიძის მიიჩნევს, რომ სამართალი აღდგა, თუმცა ყველა დეტალის გარკვევა სურს, ბრალდებულის ოჯახი კი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისა და რამდენიმე პირის პროცესებიც გაიმართება. ბუდაღაშვილი და თამლიანი 4 ივლისს დააკავეს. ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, რის შემდეგაც სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ბესიკ თამლიანი კი პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობდა.

 

15 წლის ლუკა სირაძის საქმე

დღეს, საპატრიარქოს სახელით, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი და მღვდელი თეიმურაზ ქორიძე მოზარდებში გახშირებულ სუიციდთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. ამავე თემაზე საზოგადოების სხვადასხა ჯგუფის წარმომადგენლებიც გამართავენ ბრიფინგებს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც ლუკა სირაძის საქმის დროულ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვს, პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

რამდენიმე დღის წინ 15 წლის ლუკა სირაძემ თავი მოიკლა, რასაც წინ უძღოდა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო ბავშვის თითქმის 6-საათიანი დაკითხვა პოლიციაში და მისგან ჩვენების იძულებით მიღება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადასტურა, რომ გამომძიებელმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდები ერთმანეთს დააპირისპირა და მათზე ფსიქოლოგიურად იძალადა.

საქმეზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირია დაკავებული - გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კიდევ რამდენიმე პოლიციელის ბრალეულობა იკვეთება საქმეში. საია შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს, ნაწილი კი განათლების სამინისტროსაც აკისრებს მომხდარზე პასუხისმგებლობას.

შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს პრობლემებზე

დღეს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოების შეხვედრა გაიმართება, სადაც 520-ე დადგენილებაზე და მის რისკებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ხელფასების შემცირებასა და დაგვიანებაზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ანაზღაურების 6-7 თვიანი დაგვიანებით. მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი და მედ პერსონალი შეხვედრისას სოლიდარობას გამოხატავს ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ.

დღესვე, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორი მუხლით იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ის შეერთებული შტატების ისტორიაში რიგით III პრეზიდენტია, ვის წინააღმდეგაც იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს.

იმპიჩმენტის პროცედურით საქმე აშშ-ის სენატში გრძელდება, რომელიც ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. მათ უნდა გადაწყვიტონ დონალდ ტრამპს გადააყენებენ თუ არა. როგორც თავად სენატის წევრი რესპუბლიკელები ამბობენ, ისინი საქმეს წარმოებაში მიიღებენ, თუმცა დონალდ ტრამპის გადაყენების გარეშე დაასრულებენ პროცესს.

ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა საქმე სენატში იანვრიდან დაიწყება.

 


close დახურვა