logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 21.05.2020

21 მაი 202010:34
3 წუთის საკითხავი
 
tsq3d4f1778p4j4.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 21 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები

პანდემიის დროს სამსახურის გარეშე საქართველოში 78 000 ადამიანი დარჩა. მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს. დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს 20 000-მდე დამსაქმებელმა მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. ამიტომ, დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებენ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარადგინონ. 

სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე უნდა შეამოწმოს შემოსავლების სამსახურმა, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კომპენსაციის გაცემის პირობას. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო ფინანსური დახმარებების გაცემას მაისის ბოლოდან იწყებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ, დახმარებების გაცემა დაგვიანებულია. ხელისუფლების ოპონენტები ანტიკრიზისულ გეგმაში კორუფციის ნიშნებსაც ხედავენ.

 

ახალი ბერკეტი მთავრობის ხელში

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭს უყრიან იმ კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესების საშუალებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც აძლევს. ინიციატორი დიმიტრი ხუნდაძეა. მისი თქმით, ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, მმართველ გუნდს კრიზისის მართვაში დაეხმარება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. 

შეზღუდვების შესახებ კანონის დამტკიცების წინააღმდეგია მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებში ხელისუფლების მიერ შეზღუდვების თვითნებურ და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს ხედავენ. ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის დამტკიცებით, პარლამენტისა და სასამართლოს ხელში სრული კონტროლი აღმოჩნდება, რითაც მოქალაქეების უფლებები შეიზღუდება. 

 

დაბრუნდება თუ არა მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში?

ვანო მერაბიშვილი შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდეს. ამის შესახებ „ფორმულანიუსთან” საუბრისას „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. თუმცა, უგულავასთვის უცნობია, როდის დაუბრუნდება მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. 

„ნაციონალურ მოძრაობაში" მერაბიშვილის დაბრუნებას არ ადასტურებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა. 

„ჩემი აზრით, ასეთი ტიპის განცხადებები პირველ რიგში უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვისზეც არის საუბარი, თუმცა თუ მას აქვს კონკრეტული გეგმები, ამ გეგმებზე მას ჯერ არ უსაუბრია. მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი ტიპის განხილვა ჯერ არ ყოფილა,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 

COVID-19 საქართველოში

721 ინფიცირებული, მათგან 485 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 351. 

via GIPHY

 

პაციენტს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა ვირუსი ხელახლა დაუდასტურდა. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, პირი კარანტინში იმყოფებოდა და COVID-19 ხელახლა სწორედ აქ დაუდასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ პაციენტი ისევ კარანტინში რჩება და მას კლინიკური გამოვლინებები არ აქვს. 

 

ევროკავშირის დახმარება

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პანდემიის ეკონომიკური შედეგებთან გასამკლავებლად, საქართველოსთვის 150 მილიონი ევროა გათვალისწინებული. მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი ფინანსურ დახმარებას სულ 10 ქვეყანას გაუწევს.

გამოყოფილი საკრედიტო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ევროს შეადგენს. თანხის პირველი ნაწილის გამოყოფა ევროკომისიას და მიმღები ქვეყნების მთავრობებს შორის მემორანდუმის გაფორმებისთანავე მოხდება, მეორე ნაწილის გადარიცხვა კი მემორანდუმში გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში. 

 

ვითარება ხურჩაში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ სოფელ ხურჩაში ახალი ინსტალაციების მშენებლობის პროცესი აღარ მიმდინარეობს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავიურსს ებრძვის, საოკუპაციო ძალები მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნიან. 

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადრე არსებული მავთულხლართები შეცვალეს და დამატებითი უკანონო ინსტალაციები აღმართეს. 

 

სპეცრეისი ათენიდან

მორიგი სპეცრეისით ათენიდან სამშობლოში 157 მოქალაქე დაბრუნდა. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა. მგზავრებმა ჩამოსვლისთანავე სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც 2 კვირით სპეციალურად მათთვის გამოყოფილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს. 

via GIPHY

 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი 22 მაისს უკვე რომიდან შესრულდება.

 

პროკურატურის განცხადება რურუას საქმეზე

საქართველოს პროკურატურა "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, რურუას ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს, მთავარი მტკიცებულებების ამოღება და მათი ყველა წესით დალუქვა არ მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ადვოკატს ამ განცხადებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ყველა წესის დაცვით დაილუქა. 

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 5 მილიონზე მეტ ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 328 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 45 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. გუშინ მსოფლიოში ერთ დღეში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 106 ათასს ადამიანს დადასტურდა.

via GIPHY

 

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის თითქმის 20 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 911-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილიამ უკვე გაუსწრო ბრიტანეთს, ესპანეთს და იტალიას. ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ იცავს. ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკა მაღაზიების და რესტორნების დახურვას ვერ გაუძლებს. ის აკრიტიკებს გუბერნატორებს, რომლებმაც რეგიონებში შეზღუდვები შემოიღეს. 

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა. შესაბამის გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა მხარი. შეზღუდვების ნაწილის ძალაში დატოვების ფონზე, მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სათანადო მართვა ვერ შეძლო. 

 

ციკლონი „ამფანი

14 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ინდოეთსა და ბანგლადეშში. ციკლონმა ყველაზე მეტად ინდოეთის დასავლეთ რეგიონები დააზარალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განადგურებულია რამდენიმე ათასი საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. ბანგლადეშის ხელისუფლებამ კი 2 მილიონზე მეტი მკვიდრის ევაკუაცია მოახდინა. სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთვებიან. მეტეოროლოგების შეფასებით, „ამფანი'' ბოლო წლების მანძილზე ბენგალის ყურეში ყველაზე ძლიერი შტორმია. ქარის სიჩქარე საათში 265 კილომეტრს აღწევდა. 

 

ტურისტული სეზონი საბერძნეთში 15 ივნისიდან აღდგება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები ქვეყანაში 1 ივნისს აღდგება, ხოლო სასტუმროების გახსნა ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება. კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ტურისტული სექტორისა და ეკონომიკის დახმარების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები დააწესა. იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საბერძნეთი რეისებს განაახლებს, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით, აქ კორონავირუსით ინფიცირების 2 850 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 166 ადამიანი. 


close დახურვა