logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 26.03.2020

26 მარ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 
oea8mum3xwedqy1.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 26 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

პრობლემები მარნეულში


მარნეულის სოფლების მოსახლეობა, საკვების დეფიციტზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასურსათო მაღაზიებში პროდუქტები არ აქვთ. მათთვის პრობლემაა წყალიც რომელიც, სოფელს გრაფიკით მიეწოდება. სოფლებში მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ისინი შესაძლოა საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩნენ, რადგან სამსახურებში სიარულს ვერ ახერხებენ.

წითელსოფლის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მოსახლეობამ პირბადეებს დამზადება თავად დაიწყეს. ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში პირბადეების დეფიციტია. ადგილობრივი წარმოების პირბადეები მოსახლეობას დღეს დაურიგდება.

via GIPHY

მარნეულში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს კონკრეტული სამოქმედო გეგმა კვლავ არ გააჩნია და ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე არამხოლოდ მარნეულის მოსახლეობა, არამედ მთლიანი ქვეყანა დგას. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს იყვნენ მეტად ორგანიზებულები და დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

ინფიცირების ახალი შემთხვევები

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 77-ს მიაღწია;

გუშინ ღამით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ბათუმი, მეორე - ზუგდიდში. ორივე შემთხვევა თურქეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილით კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში 77 დადასტურებული შემთხვევიდან 10 გამოჯანმრთელდა, კარანტინში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირია.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

 

ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ზომებს აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელი ფიქრობს, რომ დროულად დაწესებული შეზღუდვები კარგი ტაქტიკაა.

დიპლომატი საქართველოს მთავრობას და ქართველ პოლიტიკოსებს სწორი გზის არჩევას ულოცავს. კარლ ჰერცელი ასევე კმაყოფილია ექიმების მუშაობით.

სპეციალური ცხელი ხაზი

 

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში. შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალური ცხელი ხაზის შექმნის საკითხი განიხილეს, რომელიც ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს მოემსახურება.

კანცელარიაში იმყოფებოდა პაატა იმნაძეც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, ვირუსთან ბრძოლაში სამედიცინო სისტემის მზადყოფნაზე იმსჯელეს.

სწრაფი ტესტები

 

სწრაფი ტესტების პირველი ნაკადი უკვე საქართველოშია. ისინი პირველ რიგში რისკ ჯგუფებს და მარნეულის მოსახლეობას მოხმარდება.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მართალია ტესტი ზოგიერთ შემთხვევაში ცდომილებას მაინც აჩვენებს და 100% სანდოობას არ გვაძლევს, მისი საშუალებით ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის შემცირება მაინც შესაძლებელია.

ჩინეთის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი სწრაფი ტესტები

420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, Covid-19-ის დასადგენად სწრაფი ტესტები საქართველომ ჩინეთისა და იაპონიისგან მიიღო. ტესტების ნაწილს საქართველოში კვირის ბოლომდე ელიან.

სპეციალური რეისები


ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისებით ჩამოიყვანენ - შესრულდება გადადებული ფრენებიც.

  • 26 მარტი: თბილისი-ვენა-თბილისი;
  • 31 მარტი: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
  • 3 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი;
  • 7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი;
  • 10 აპრილი: ლარნაკა-თბილისი.

via GIPHY

გაუქმებული რეისის მგზავრების დიდი ნაწილს თავშესაფრითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით საქართველოს საელჩოებმა უზრუნველყვეს.

 

რა ბედი ელით მიუსაფარ მოზარდებს?


სოციალური მუშაკების გაერთიანება მიუსაფარი არასრულწლოვანი ბავშვებისთვის 2 კვირიან კარანტინს და მათზე ზრუნვის ალტერნატიული ცენტრის შექმნას მოითხოვენ.

სოცმუშაკების სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ბავშვები ღამეს მეტროებსა და ავტობუსებში ათევენ, სადაც მათი დაინფიცირების დიდი რისკია.

განცხადების მიხედვით, მიუსაფარი ბავშვების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის მიზნით არ ხდება, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

 

Covid-19 მსოფლიოში


ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად უნგრეთში, დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე  გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 37 წლის დიპლომატი ბუდაპეშტის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

უნგრეთში დაავადების 226 შემთხვევაა დადასტურებული.

იტალიაში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა 74 ათასს აჭარბებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა; მინესოტასა და აიდაჰოს შტატის გუბერნატორებმა კარანტინის რეჟიმი გამოაცხადეს.

via GIPHY

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა ინგლისში.

საფრანგეთში კი დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 231-ს გადააჭარბა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან და მოქალაქეებსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს დაეხმარებიან.

გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთსა და საბერძნეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის მიზანი ჯანდაცვის სისტემას ზეწოლის შემსუბუქებაა, თუმცა ეს ზომები ეპიდემიის დასამარცხებლად საკმარისი არ არის.


close დახურვა