logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 30.10.2019

30 ოქტ 201910:07
3 წუთის საკითხავი
 
uybv8i2gfgjho1o.jpg

ანაკლიის პროექტი

საქართველოს პარლამენტში ღია ფორმატით "ანაკლიის განვითარბის კონსორციუმის" გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავენ. შეხვედრის ინიციატორები დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი არიან.

დეპუტატებმა შეზვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც მიიწვიეს შეხვედრაზე, თუმცა მან განხილვაში ჩართვაზე უარი თქვა. სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანაკლიის პროექტში გენერალური ინვესტორის პოზიციაზე წარდგენილმა კომპანია Meridian Capital Limited-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


16 წლის მოზარდის ძარცვის საქმე

ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს გადავარდნის შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.


იენს სტოლტენბერგი უკრაინაში

ნატოს გენერალური მდივანი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად  დღეს ოდესას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი უკრაინის რადაში სიტყვით გამოვა, პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის შეხვდება და უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 23 ოქტომბერს Washington Post-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ იგეგმება ოდესის საზღვაო შესაძლებლობებში დახმარება. 


მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 

დღეს, თბილისში, უკვე მეათედ, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული გაიხსნება, რომელშიც ქართველი დიზაინერებისა და მოდის სახლების ახალ კოლექციები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.

მოდის კვირეული 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ძირითადი ნაწილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თუმცა ცალკეული დიზაინერებისთვის ის დედაქალაქის სხვა ადგილებშიც ჩატარდება


კალიფორნიაში ტყის ხანძარს კვლავ ებრძვიან

კალიფორნიის შტატში მასშტაბური ტყის ხანძარის გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მძვინვარებს, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლმა უკვე 200 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი და დაახლოებით 100 შენობა გაანადგურა, 80 000 სახლი კი სახიფათო ზონაშია. საცხოვრებელი სახლის დატოვება 180 ათასზე მეტ ადამიანს მოუხდა. ხანძრის გამო ამ დროისთვის ელექტროენერგია მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება.

 

BBC-ის ცნობით, ხანძრის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ასობით სახანძრო და სამაშველოა ჯგუფთან ერთად, სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ კალიფორნიის ტყის ხანძრების კვალი კოსმოსიდანაც კი ჩანს.


close დახურვა