logo
ENG



ამბები, რომლებიც 22 ივლისს არ უნდა გამოტოვო

22 ივლ 202009:26
3 წუთის საკითხავი
 
r8pcip7m0bkts96.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 22 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

უცნობი ნომერი შაქარაშვილის საქმეში

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ გვიან ღამემდე კითხავდნენ ანა გაბეჩავას, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძეს და 1 არასრულწლოვანს. 

გაბეჩავას ადვოკატის თათია მანეჟაშვილის განმარტებით, გამოკითხვა არ უკავშირდებოდა სოციალურ ქსელებს და შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ გამოკითხონ. 11 საათს კითხავდნენ სამართალდამცველები დიჯეი კოკოს, მისი განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში თავიდან გაიარა ყველა ის დეტალი, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა არასრულწლოვნის ადვოკატმა.

საქმეში გამოიკვეთა ახალი მობილურის ნომერი, რომლიდანაც საბედისწერო ღამეს დაპირისპირებულ მხარეებთან ჯამში 113 ზარი განხორციელდა. გადაცემა „პოლიტმეტრის“ ინფორმაციით, ნომერი რომელიც საქმეში ახლა გამოიკვეთა ტრაგედიის ღამეს რეკავდა როგორც ნახალოვკელებთან ისე საბურთალოელებთან, თუმცა ახლა ამ კონკრეტულ ნომერზე დარეკვა უკვე შეუძლებელია. უცნობია ისიც, თუ ვის ეკუთვნოდა ნომერი.

 

აქცია ფონიჭალაში

დაკარგული 23 წლის გოგოს ოჯახის ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. ისინი გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ. პოლიციამ შეკრებილებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, რა დროსაც 1 ადამიანი დააკავეს.

საქმის გამომძიებლის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. მყვინთავები ჩავლენ ტბაშიც და გააგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. შეგახსენებთ, უკვე მეხუთე დღეა, რაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებულია, მისი კვალი თეთრიწყაროში იკარგება. 

 

თბილისის ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო

მაშველებმა ორივე არასრულწლოვნის ცხედარი უკვე იპოვეს. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ცნობილია, მოზარდები ზღვაზე საცურაოდ იყვნენ წასულები, სხვა დამატებითი დეტალები კი ამ დროისთვის უცნობია. 

 

საერთაშორისო ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება 

შესაბამისი ნოტა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები 21 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა. ახალი შეზღუდვით კი ფრენები 1 სექტემბრამდე ვერ განხორციელდება. 

 

აზერბაიჯანი VS სომხეთი - რას აპირებს საქართველო

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სომხეთი რუსეთისგან შეიარაღებას საქართველოს გავლით იღებს ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ სტატიაში გადმოცემული ფაქტები საგანგაშოა და თავდაცვის სამინისტროს განმარტება აუცილებელი. თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს აქვს ვალდებულება, იყოს მიუკერძოებელი და ხელი არ შეუწყოს რეგიონში სიტუაციის ესკალაციას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხად ახალი დეტალები გამოაქვეყნა. გამოცემა ასევე წერდა რომ სომხეთისთვის სერბეთიდან საქართველოში სამხედრო ტვირთი საჰაერო გზით შევიდა. 

 

ოქრუაშვილის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ზურაბ ადეიშვილს რობაქიძის საქმეზე უბლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, მათ ბრალი ხანდაზმულობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის ნოემბერში წაუყენეს. 

ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ოქრუაშვილთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილს პირადი პრობლემა აქვს და სწორედ ამის გამო, ქვეყნის ოლიგარქი 8 მარტის შეთანხმებას არღვევს. ისინი აღნიშნავენ, დოკუმენტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებდა. 

 

უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს

უკრაინაში სამგზავრო ავტობუსის გამტაცებელი დაკავებული, 13-ვე მძევალი კი თავისუფალია. პოლიციამ ქალაქ ლუცკში ავტობუსზე შტურმი დაახლოებით 12 საათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მიიტანა. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა. 44 წლის მაქსიმ კრივოშმა სამგზავრო ავტობუსი დილის საათებში გაიტაცა. მოგვიანებით მას პრეზიდენტი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა და მისი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც 2005-თ წელს გამოსული, ცხოველთა უფლებების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეკლამირებას ეხებოდა, შეასრულა. დამნაშავე წარსულში ორჯერ ნასამართლევია და ციხეში 10 წელი აქვს გატარებული.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1073 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 907 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 275 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5692 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 15 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 9.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 619 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 63 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა