ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 23 სექტემბერს უნდა იცოდეთ
მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. პროკურატურას მიხეილ რამიშვილთან კითხვები სატელიტით გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ექნება. ადვოკატი ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოცილებას ცდილობს. რამიშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ დავით ფურცხვანიძეზე პროკურატურამ შესაძლოა იძალადოს და ათქმევინოს, რომ სატელიტით გადაღებული ფოტოები ადვოკატმა ფურცხვანიძისგან თავად მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილის გამოკითხვის პარალელურად ადვოკატები და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მხარდამჭერ აქციას გამართავენ. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის და ის პირდაპირ პროკურატურასთანაა დაკავშირებული. გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით კი იმ ფონზე, როცა თვითონ საქმის გაყალბება სურთ, ადვოკატს გამოძიების საშუალებას არ აძლევენ.
პროკურატურის განცხადება
პროკურატურა რამიშვილის ტელეფონიდან პირადი ხასიათის ინფორმაციის ამოღებას უარყოფს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია არ დაუთვალიერებიათ. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპერტიზის ბიუროში რამიშვილის მობილური ტელეფონიდან მხოლოდ მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, ასევე სატელიტების ფოტოების მიღებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა.
პროკურატურის ცნობით, პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი ტელეფონიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ამოიღეს, რაც მოსამართლის განჩინებაში იყო მითითებული. როგორც განცხადებაში წერია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
ამდროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 გარდაიცვალა.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 31.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 23.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 975 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 62 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
თავისუფლება რურუას - აქცია პარლამენტთან
გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქტივისტები რურუა შეიწყალოს თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართავენ.
სამოქალაქო მოძრაობების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება მთავარი არხის მეწილის გათავისუფლებას მოიცავდა და ისინი მოუწოდებენ მმართველ გუნდს შეთანხმება სრულად შეასრულონ.
გადაიდება თუ არა სწავლა
გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება ისევ - ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიწყო სწავლა ორი კვირის წინ. მათი განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს პანდემიისა და მისგან გამოწვეული პროცესების სამართავი გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მოქმედება.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სახელმწიფო ვირუსის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. შეგახსნებთ, რომ სასწავლო პროცესის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მან არ გამორიცხა, რომ სწავლა 2 კვირით ისევ არ დაიწყოს.
COVID ტესტირების სივრცე თბილისში
კორონავირუსის ტესტირებისათვის თბილისში სივრცე გამოიყო. პისიარ ტესტის ჩატარება მოქალაქეებს იუსტიციის სახლთან, ღია სივრცეში, შეუძლიათ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ტესტირება არა მასიური, არამედ - შერჩევითია და მხოლოდ 1000 ადამიანს ჩაუტარდება. კორონავირუსზე ტესტირება დღეს საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე პარასკევს მოეწყო, საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება
დღეს, ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დამატებით 40 მილიონ დოლარს ისევ გაყიდის. სავალუტო ინტერვენციას ეროვნული ბანკი, ლარის კურსის სწრაფი გაუფასურების შესაკავებლად ახდენს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებსა და ლარის გაუფასურებას ეკონომისტები აფასებენ.
სპეციალისტების განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი ვალუტის ინტერვენცია უნდა მოახდინოს, რომ რეალური შედეგი დადგეს. თუმცა ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ეს შედეგს არ მოიტანს და ლარის ვარდნას არ შეაჩერებს.