logo
ENG



ამბები, რომლებიც 29 ივნისს უნდა იცოდე

29 ივნ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 
kcr21s9zmj46us6.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 29 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენა


რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს გაირკვევა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატები კენჭს მესამე მოსმენით უყრიან. პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას არ პირებს, რადგან მათი განმარტებით 8  მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არაა და გიორგი რურუა კვლავ საპატიმროშია. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დღეს მესამე მოსმენაზე ოპოზიციის წარმომადგენლების არ დასწრება  საერთაშორისო პარტნიორებისგან  ცუდად იქნება შეფასებული.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ არ დაუშვან კანონპროექტის ჩაგდება და შეასრულონ ოპოზიციასთან დადებული ხელშეკრულება.

 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი


საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისა და აქტივისტების აქციის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართება. პროცესზე ორი მოწმის დაკითხვა და დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვაა დაგეგმილი. მოწმეთაგან ერთი იმ მაღაზიის მფლობელია, რომელიც რურუას დაკავების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებას, გიორგი რურუას უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, პროცესზე ვიდეოს განიხილავენ, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ არღვევენ სამართალდამცავები პატიმრის უფლებებს. 

 

დაპირისპირება თემქაზე


ოჯახური კონფლიქტი თემქაზე მსხვერპლით დასრულდა. მას შემდეგ, რაც ქალმა ქმართან კონფლიქტის მიზეზით საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა, ადგილზე მისული სამართალდამცველს კაცი თავს ნაჯახით დაესხა. ამის შემდეგ მან ამავე ცივი იარაღით საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულის შუშები ჩაამსხვრია და გადმოხტა. ის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორს, ის მკურნალობას კლინიკა „ჯერარსში" განაგრძობს. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე მუმლაძის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

მკვლელობა გურჯაანში


მსხვერპლით დასრულდა სროლა გურჯაანში . შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა .  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სროლა დაიწყეს. ორივე მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


926 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 791 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 230 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2819 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10.2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.5 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 504 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 300-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა