logo
ENG



ამერიკელმა მწერალმა დაწერა - სასამართლოს მოტაცება, მძიმეა, არ წაიკითხოთ - გოცირიძე სილაგაძეს

23 ოქტ 201918:06
3 წუთის საკითხავი
 
z7nldsh50qxvrf0.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა თუ რატომ მიუსაჯა პატიმრობა უვადო მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა პაატა სილაგაძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

აღნიშნული კითხვით სილაგაძეს მან კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

სილაგაძემ განმარტა, რომ პატიმრობა მას არ მიუსჯია, მან უბრალოდ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

„მე არ მიმისჯია, მისჯილი იყო პირველი ინსტანციის მიერ. მე უბრალოდ განვიხილე სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დავტოვე,“ - განმარტა სილაგაძემ.

თავის მხრივ, რომან გოცირიძემ გამოთქვა ეჭვი, ხომ არ იყო მისი გადაწყვეტილება კანდიდატების სიაში მოხვედრით განპირობებული.

აქვე, გოცირიძემ სილაგაძეს უთხრა, რომ ამერიკელმა მწერალმა დაწერა რომანი „სასამართლოს მოტაცება“, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა რომ არ წაუკითხავს. გოცირიძემ ურჩია არც წაიკითხოს, რადგან ძალიან მძიმე რომანია.

შეგახსენებთ, რომ სილაგაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება. ასევე სილაგაძე იყო  მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც 2015 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა მისჯილი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ციხეში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გვიჩიანი და ჩემია კი 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 


close დახურვა