კომენდანტის საათის მიუხედავად, შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში არეულობა გრძელდება. ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ პოლიციელის მხრიდან ძალადობას ამერიკელები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ. ჩიკაგოს გარეუბანში არეულობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის დეტალები უცნობია.
ვაშინგტონში კი დემონსტრანტების შეკრების ადგილი თეთრ სახლთან მდებარე პარკი იყო. კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება დაიწყო. პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს მდებარე პარკი სამართალდამცველებმა დემონსტრანტებისგან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დააცარიელეს. აქციის მონაწილეები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
დონალდ ტრამპი წმინდა იოაჰეს ტაძარში ბიბლიით ხელში მივიდა და ტელეკამერების წინ პოზირებდა, რის გამოც ოპონენტებმა მკაცრად გააკრიტიკეს. მწვავე რეაქცია ჰქონდათ მათ ვარდების ბაღში გაკეთებულ განცხადებაზეც.დონალდ ტრამპი აქციების დასაშლელად ქალაქებში ჯარის გამოყვანით დაიმუქრა.
დაკავებებით დასრულდა საპროტესტო გამოსვლები ნიუ-იორკშიც. ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია- ამ ლოზუნგით ასობით ადამიანი ტაიმსკვერზე შეიკრიბა. თუმცა დღის ბოლოს პოლიციელებთან შეტაკებით და მაღაზიების დარბევით დასრულდა. დაკავებულია ათობით მომიტინგე.
აქციები გაიმართა სან ფრანცისკოში, სადაც დემონსტრანტების წინაშე სიტყვით ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმი ფოქსი გამოვიდა. მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად მოწყობილ მემორიალთან შეკრებილებს სიტყვით მისმა ძმამ მიმართა და მშვიდობიანი აქციების ჩატარებისკენ მოუწოდა.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. ის შეუძლოდ დაკავების დროს გახდა, რადგან პოლიციელმა ფეხი კისერზე დააჭირა და სუნთქვა ვეღარ შეძლო. მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ის ასფიქსიით გარდაიცვალა.
აქციების დროს ათობით დემონსტრანტი და პოლიციელი დაშავდა. იყო ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებიც. ერთ-ერთი ავსტრალიელი ტელეოპერატორია, რომელსაც თეთრ სახლთან გამართული აქციის გაშუქებისას პოლიციელმა დაარტყა. ავსტრალიის ხელისუფლება მომხდარის გამოძიებას მოითხოვს.