"საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებია" - თბილისში სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დირექტორის საგანგებო ვიზიტის შემდეგ, ამერიკის საელჩო და სენატი განცხადებას ავრცელებს. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციით სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.
ამ გაფრთხილებამდე კრის სოჩა ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ ესაუბრა. მოსალოდნელია, რომ მსგავსი კრიტიკული შეფასებები მალე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდება.
კრის სოჩა ბოლოს საქართველოში 2012 წელს იმყოფებოდა, ხელისუფლების შეცვლის წინ. ექსპერტები ამბობენ, რომ სენატორ რიშის აპარატის უფროსის ვიზიტი შემთხვევითი არ არის. საარჩევნო წელს, ამერიკელი მაღალჩინოსნის ისევ ჩამოსვლას ადასტურებს, რომ ვითარება საგანგაშოა - პარტნიორები ეჭვობენ, რომ არჩევნები შესაძლოა არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ამერიკის შეშფოთების კიდევ ერთ მიზეზად ექსპერტები რუსული გავლენების გაზრდას ასახელებენ.