logo
ENG



ამომრჩეველთა მოსყიდვა, სამსახურიდან გათავისუფლება, სოციალური პროექტები - ISFED-ის ანგარიში

08 სექ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 
5bm1pr5kvikoq2g.jpg

ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა/მუქარისა და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო შემთხვევები - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშშია წარმოდგენილი.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის - 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, ამომრჩეველთა მოსყიდვა "პატრიოტთა ალიანსის" და "თავისუფალი საქართველოს" მხრიდან გამოვლინდა, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

"სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა. 

"ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტია - ქართული ოცნება - ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, რიგი საჯარო ინსტიტუტები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მიღებასა და კონკურენტ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაზეა ორიენტირებული", - წერია ISFED-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის ღონისძიებებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება შეინიშნება, რაც ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. ამასთანავე, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები.

ანგარიშში ასევე წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების "ქართული მარშისა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კამპანიებში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა შეინიშნება.  

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და რელიგიურ ორგანიზაციებს პრობლემების მოსაგვრებლად რეკომენდაციებს სთავაზობს. 

რეკომენდაციები:

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას:  

  • ხელისუფლებამ დროულად და გამჭვირვალედ გამოიძოს პოლიტიკურ აქტივისტზე ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევები და უზრუნველყოს მსგავის ფაქტების პრევენცია; 
  • სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა და, წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროგრამების გამოცხადებით, არ შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა; 
  • არ დაუშვან ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება პარტიისა და მისი კანდიდატის აგიტაციისთვის; 
  • საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების  წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან; 
  • წინასაარჩევნო პროცესების ობიექტურად გაშუქებისთვის, აუცილებელია მედიასაშუალებების დაცვა ზეწოლა/მუქარისაგან და მსგავსი ფაქტების დროულად და გამჭვირვალედ გამოძიება.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა, ასევე სავარაუდო კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;
  • მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა/მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
  • თავი შეიკავონ მედიასაშუალებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან.

რელიგიურ ორგანიზაციებს:  

  • სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან. 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ძირითადად 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდია განხილული, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.


close დახურვა