logo
ENG



ანა მიქელაძე: საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 90 საჩივარია შესული

31 ოქტ 202016:11
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარი შესული.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს უკავშირდება.

"საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა მიქელაძემ.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.

ცესკო-ს ცნობით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ხმა 1 279 947-მა მისცა. 


close დახურვა