logo
ENG



ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას

03 დეკ 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
hy5m02wa4smwnot.jpg

ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას - ასე აფასებენ მიმდინარე მოვლენებს "ლელოს", "ახალი მემარჯვენეებისა" და "შენების მოძრაობის" წევრები. მათ ერთობლივი განცხადებით ​ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და თავიდან აირიდონ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება.

„გუშინ თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას. ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა. მოვუწოდებთ აქტივისტებს და ახალგაზრდებს მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფხიზლე და არ დაუშვან დაპირისპირებაში შესვლა მოძალადე ჯგუფებთან და არ წამოეგონ პროვოკაციებს. მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მან წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც მმართველ ძალას ძვირად დაუჯდება და რაც უფრო სავალალოა, ქვეყანას. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოვიდნენ გონს“, -განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი გრიგოლ გეგელია კი პოლიციის უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი აცხადებს, რომ ქართული პოლიცია პოლიტიკურად მართულია. 

„სამწუხაროდ დღეს ქართული პოლიცია კვლავ არის პოლიტიკურად მართული. მე თვითონ გავხდი მომსწრე იმისა, თუ როგორ არ იცავდა ჩვენი პოლიცია კანონს, წესრიგს და მშვიდობას. სამწუხაროდ ჩვენ გვიწევდა მათი დევნა შეიძლება თქვას და მითითება, რომ დაეცვათ კანონი. ეს ასახულია მრავალ სხვადსხვა კადრში. გუშინ ქართულმა პოლიციამ არაფერი არ გააკეთა მშვიდობის დასაცავად და არაერთხელ მიუშვა დაგეშილი ბრბო მშვიდობიან მოქალაქეებთან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიუხედავად აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფისა, აღსანიშნავია, რომ უწყებას "ქართული ოცნების" აქტივისტებიდან არავინ არ დაუკავებია.


close დახურვა