პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთი მზადაა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუზიაროს. ამის შესახებ ადჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დოზებს ახლა იღებს, რის შემდეგაც გარკვეული რაოდენობის საქართველოსთვის განაწილება შეეძლება.
"მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით როგორც გამოიყურება სიტუაცია, ვაქცინების მიწოდება არ არის ერთგვაროვანი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი მიწოდებების მიღებას და შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ", - ამბობს ანდჟეი დუდა.
პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ საკითხზე ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ქვეყნის პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრთან ისაუბრებს.
"პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე, ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერმინისტრთან. იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა", - ამბობს ანდჟეი დუდა.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოში 26 მაისს ჩამოვიდა. ის ქვეყანაში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ანდჟეი დუდა შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან.