ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ის და მისი მოძრაობის წევრები მზად არიან უკრაინაში საომრად წავიდნენ. ვეტერანთა კავშირის წევრებთან ერთად მათ ამ თხოვნით უკრაინის საელჩოს მიმართეს და შესაბამისი განაცხადი შეიტანეს.
"იმ ფონზე, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ჩვენ, ქართველებს ვალი გვაქვს ჩვენი უკრაინელი ძმების. ყოველთვის იბრძოდნენ ქართველების დასაცავად. აქ მოვედით და გავაკეთეთ განაცხადი საელჩოში, რომ ჩვენი ნებისმიერი რესურსი მათ განკარგულებაშია, როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოვიქცევით, მზად ვართ ნებისმიერი დავალებისთვის, ნებისმიერი ფუნქცია შევითავსოთ, რაც ჩვენს კომპეტენციაშია, ან მას სცდება", - განაცხადა დავით ქაცარავამ.
მანვე განმარტა, რომ გეგმავენ ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრას, რათა გაიარონ მეტი დეტალი.
"საელჩოს წარმომადგენელმა დაგვიფიქსირა თავისი პატივისცემა და ის სიხარული, რომ მზად ვართ ამისთვის", - თქვა მან.