ოპოზიციაში უარყოფენ რაიმე კონკრეტულ მაჟორიტარულ სიაზე გავრცელებულ ინფორმაციას. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ყველა იმ ძალასთან ერთად შეთანხმდება, ვისაც უნდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა.
„არანაირი სია არ არის - მუშაობა მიდის მაჟორიტარებზე, ნაწილზე არის შეთანხმება, ნაწილზე არ არის. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოლოდინი, ეს ყველაფერი შევათანხმოთ ყველა სხვა ძალასთან, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ამ ქვეყნიდან. არავინ არავის არაფერს თავს არ ახვევს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კონკრეტული შეთანხმების არსებობას უარყოფენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც". ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ სამუშაო პროცესშია გაერთიანებული ოპოზიცია.
„პარტიებში ასე ღიად არ დაწყებულა კონკრეტულ კანდიდატებზე - არაფერი არაა შეთანხმებული საერთო ოპოზიციურ გაერთიანებასთან. მთავარია, რომ გვაქვს შეთანხმება - ოპოზიცია ამ სისტემის დარჩენის შემთხვევაში გავა ერთიანი მაჟორიტარული სიით", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
„ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში არსებული განსხვავებები არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლებენ ხელისუფლების ოპონენტები შედეგის მიღწევას.
„საზოგადოებამ უნდა იფიქროს, მართლები ვიყავით თუ არა, როცა ვამბობდით, რომ ეკლექტიკა არ ქმნის საფუძველს, რომ ოდესმე თუ ოპოზიცია რაღაც უპირატესობას მოიპოვებს, შექმნის სტაბილურ მთავრობას - ესაა პრობლემა და არა ის, რომ ქართულ ოცნებას უნდა თუ არა ძალაუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქმედებები არ გამოდის პარტიული ინტერესებიდან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 თებერვალს გავრცელდა ოპოზიციონერი ლიდერების სია, ვინც თბილისში იყრიან მაჟორიტარ კანდიდატებად კენჭს - მათ შორის არიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზაალ უდუმაშვილი და გრიგოლ ვაშაძე.