logo
ENG



არასამთავრობო სექტორში მიმდინარე მოვლენებს ვადამდელ არჩევნებს უკავშირებენ

13 ნოე 201916:45
3 წუთის საკითხავი
 
9osrgmf2bs0l4ds.jpg

არასამთავრობო სექტორი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესში იყო ჩართული, ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონპროექტი არ ჩააგდოს. ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თუ მმართველი პარტია დანაპირებს არ შეასრულებს, ეს იქნება მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიმდინარე პროცესები შესაძლოა მმართველი გუნდის ინტერესებში შედიოდეს და „ქართულ ოცნებას“ არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ჰქონდეს გეგმაში. მათი აზრით, მაჟორიტარების ეს ქმედებები, შესაძლოა, იყოს წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას უნდა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება.

​„მმართველი პარტია არ გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო ცვლილებებს, სამართლებრივად შეიძლება აქამდე მისვლა. მაგრამ პარლამენტის გარეთ რა შეიძლება მოხდეს ამ ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ამის პროგნოზირება უფრო რთულია, ვიდრე ის, რომ მმართველი პარტია ფიქრობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით შეიძლება იყოს,“ - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ეს სცენარი თავად მმართველი გუნდისთვის იქნება კატასტროფული.

„თუ ეს მოხდა და მათ ამ სამარცხვინო თამაშების ფონზე ჩააგდეს ეს ინიციატივა, ეს რეალურად შეიძლება უფრო კატასტროფული აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვისაც“. როდესაც ძალიან დიდი ხდება დაშორება ამომრჩევლის ნებასა და მანდატების რაოდენობას შორის პარლამენტში, ამ დროს ხალხი თვლის, რომ საარჩევნო სისტემა ვერ ასახავს რა მათ განწყობებს, სხვა გზით უნდა მიაღწიოს ხელისუფლებაში ცვლილებებს და კატასტროფა იქნება არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის,“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო სექტორში ასევე აცხადებენ, რომ სამუშაო შეხვედრების ფორმატში, როდესაც განიხილებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ მაჟორიტარ დეპუტატებს არ გამოუთქვამთ პროტესტი. სწორედ ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ პროცესები არის ხელოვნურად მართული. 


close დახურვა