ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მამა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც საბა ჟღენტი ხელის არეში დაიჭრა.
არქიმანდტრი საბა ჟღენტი გავრცლებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს და ის დაადგენს სიმართლეს ბოლომდე. აქ არაფერი მომხდარა. იმათმა მეტი იციან, რა ხდება და როგორ არის“, - აცხადებს არქიმანდრიტი.
ყინწვისის მონასტერში მყოფი ერთ-ერთი მორჩილი დაპირისპირების ფაქტს ასევე უარყოფს.
„არაფერი მსმენია, ასეთი რაღაც არ გაგვიგია და ასეთი რამ არ ხდება მონასტერში. ეს შემოტევაა ეკლესიის მიმართ, ეკლესიას ებრძვიან“, - აცხადებს ის.
კიდევ ერთი ვერსიით, მამა დავითმა დაპირისპირების შედეგად ცეცხასროლი იარაღიდან ისროლა, რა დროსაც სხვა სასულიერო პირი დაიჭრა.
„ფორმულა“ რუის-ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მისი მდივანი კი აცხადებს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება მამა დავითს, სასულიერო პირებმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ იციან.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.