„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის გამო, არანაირი რადიკალური მოქმედება არ არის გამორიცხული.
როგორც მან კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა, ჯერ კონსულტაციები გაიმართება პარტიის შიგნით, შემდეგ ყველა პროდასავლურ პარტნიორთან, შემდეგ კი ბოიკოტის ჩათვლით, ყველანაირი პროტესტის ფორმა იქნება გამოყენებული.
„არვინ არ ჭამს იმას, რომ ის, ვინც მონაწილეობა არ მიიღო, ვითომ ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ. ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა როგორც ქვეყნისთვის, ისე მისთვისაც. არც ერთი რადიკალური გადაწყვეტილება არ არის გამორიცხული. ჩვენ ჯერ პოლიტიკურ გუნდში გვექნება კონსულტაციები, მერე ყველა პროდასავლურ პარტნიორთან. ყველანაირი რადიკალური ნაბიჯი უკვე მაგიდაზეა. არაფერი გამორიცხული არ არის ბოიკოტის ჩათვლით“, - განაცხადა ბოკერიამ.
ასევე, „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველა შემდგომ მოქმედებაზე, პასუხიმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს და „მის მონებს“ ეკისრება.
„გვექნება შიდა კონსულტაცია, შემდეგ სხვა ოპოზიციურ ძალებთანაც, ვნახავთ საზოგადოების რეაქციას. ივანიშვილმა მოახერხა შეექმნა სრულიად არაჯანაღი და სახიფათო მდგომარეობა ქვეყანაში. რაც აწი მოხდება, პირადად ის და მისი მონები იქნებიან პასუხისმგებელი“, - განაცხადა კაპანაძემ.