სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართლმა ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო.
მონაცემების თანახმად, ქართული ოცნების შემდეგ მოდის - ლელო - ძლიერი საქართველო და თავისუფლების მოედანი. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში პარტიას შემოწირულობა არ მიუღია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო - 15 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში პარტიას 28 შემომწირველი ჰყავდა, მათ შორის: თბილისის მერი კახა კალაძე. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა.
რაც შეეხება ლელო - ძლიერ საქართველოს, მონაცემების თანახმად, პარტიას მიმდინარე წლის 2 თვეში, 8 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 146 ათასი ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია.
აუდიტის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს შემოწირულობა მიღებული აქვს თავისუფლების მოედანსაც - პარტიას 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 44 შემომწირველი ჰყავდა, რომელთაც ჯამში პარტიისთვის 46 745 ლარი გაიღეს. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ლიდერები: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა და სიმონ ჯანაშია.
რაც შეეხება კოალიციას ცვლილებისთვის - 2026 წლის 14 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, მათ შემოწირულების სახით 3 460 ლარი მიიღეს. კოალიციას ამ პერიოდისთვის თანხა 8-ჯერ შესწირეს. შემომწირველებს შორისაა კოალიციის წევრი, მაია კოპალეიშვილი.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის მიმდინარე წელს 2 371 ლარი ჩაერიცხა. პარტიის შემომწირველებს შორისაა დეპუტატი თამარ ხვედელიანი.
