აფგან სადიგოვი დააკავეს, ამის შესახებ სადიგოვის ცოლმა სევინჩ სადიგოვმა დაწერა სოციალურ ქსელში.
"ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა და ზუსტად არ ვიცი, სად გადაიყვანეს (არსებობს ვარაუდი, რომ ხეთაის რაიონის 34-ე განყოფილებაში). გუშინ კი ის პოლიტიკური მოტივით საქართველოდან აზერბაიჯანში იქნა დეპორტირებული", - წერს სევინჩ სადიგოვა
დაკავების შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" სადიგოვის უფლებადამცველმაც დაუდასტურა.
მანამდე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, უფლებადამცველი თამთა მიქელაძე აფგან სადიგოვს ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
უფლებადამცველის თქმით, სადიგოვმა არ იცის, რამდენიმე კვირაში ან თვეში რას გააკეთებს რეჟიმი, რა ტიპის საქმეს შეუკერავს და როგორ დასჯის.
"აფგან სადიგოვმა თბილისში მისი მხარდამჭერების, კოლეგებისა და მეგობრების მიმართ მადლიერება გადმოგვცა მათი სოლიდარობისთვის. ის თავს ფიზიკურად ნორმალურად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მისი დაკავება აგრესიული და ინტენსიური მანერით მოხდა და პრაქტიკულად სპეცოპერაციას გავდა.
ახლა ის მარტოა და ჩავარდნილი სრულ განუსაზღვრელობაში, ეჭვებსა და ბუნდოვანებაშია და არ იცის, რამდენიმე კვირაში ან თვეში რას გააკეთებს რეჟიმი, რა ტიპის საქმეს შეუკერავს და როგორ დასჯის. აზერბაიჯანის ინტერესი და მიზანი ჟურნალისტთან დაკავშირებით ძალიან მალე გამოჩნდება, როდესაც ის ქვეყნიდან გასვლას და ოჯახთან გაერთიანებას მოინდომებს. ეს პროცესი ჩემთვისაც ტესტი იქნება.
ახლა მთავარია მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება და გაერთიანება. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ბრძოლა ევროპულ სასამართლოში, დარღვევებისა და უსამართლობის ამ ჯაჭვის სამართლებრივი აღიარებისთვის, და ახალი და მომავალი რისკების მუდმივი შეფასება. რა დაემართა აფგან სადიგოვს ერთი ტრაგედიაა და უსამართლობა, მაგრამ მეორე დიდი საკითხია ჩვენ რა რეალობაში და რა ტიპის რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრების გაგრძელება და როგორი იქნება ჩვენი მომავალი ხვალ.
აფგანმა გაძევების წინ მძიმე სიტყვები დაგვიტოვა: "საქართველოს მომავალი ძალიან ცუდი იქნება." არ უნდა იყოს საქართველოს მომავალი ძალიან ცუდი და გუშინდელმა მოვლენებმა უნდა გამოგვაფხიზლოს", - დაწერა მიქალაძემ სოციალურ ქსელში.
5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინსტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის", ქვეყნიდან გააძევეს.
სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
„სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.
ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.
საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან”, - წერია ინფორმაციაში.
