ამ წუთებში თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები დასახლებაში დაწყებული დემონტაჟის პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები უნებართვოდ აშენებული ნაგებობების მოქალაქეებისთვის დაკანონებას, უკვე დანგრეული ნაგებობების მეპატრონეების ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფას და დასახლებაში ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციების, გაზისა და წყლის გაყვანას მოითხოვენ.
ფასილიტაციისთვის აქციის მონაწილეებს თბილისის მერთან, კახი კალაძესთან შეხვედრა სურთ. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან მისულები.
მცხოვრებლები დღეს უკვე შეხვდნენ გამგეობის წარმომადგენლებს, რომლებმაც, მათი თქმით, განაცხადეს, რომ დემონტაჟის პროცესი გაგრძელდება, მესაკუთრეებს კი გამგეობა ფულად დახმარებასა და ქირით გასვლას შესთავაზებს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ქირით გადასვლაზე უარს იტყვიან, ვინაიდან არ აქვთ გარანტია, რომ გამგეობა ამ ვალდებულებას დიდი ხნის განმავლობაში დაფარავს.
აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით გუშინ დაიწყო. ნაგებობების მფლობელების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა. შენობების დემონტაჟთან ერთად მოქალაქეებმა დაკარგეს ის ფინანსური რესურსი, რომლებიც მშენებლობას მოახმარეს.
