logo
ENG



აქტივისტები კრიზისის განმუხტვაზე: ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გადასაწყვეტი

30 ნოე 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
jqrgk4f6xs602qs.png

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შეხვედრის ფორმატით უკმაყოფილოები არიან სამოქალაქო აქტივისტები. მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ეს ფორმატი შედეგს ვერ გამოიღებდა და ამის დასტური იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც შეხვედრაზე შესვლის წინ სამოქალაქო აქტივისტებს მარგინალური ჯგუფი უწოდა.

„რა თქმა უნდა, უშედეგოდ დასრულდებოდა, რადგან ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მარგინალური ჯგუფი ვართ ჩვენ. შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იცის ძალაუფლება ეცლება ხელიდან და ამაზე არ წავა, შესაბამისად, ჩვენი საპროტესტო ფორმა იქნება ქუჩაში, იქნება ელჩებთან მოლაპარაკება, დიპლომატიურ კორპუსთან და ყველაფერს ვიზამთ, რომ ქართულ ოცნებას, ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება გამოვაცალოთ ხელიდან“, - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო მოძრაობა შეხვედრაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო, როგორც მხარე. მისი თქმით, ხელისუფლება ამ ფორმით სიტუაციას ვერ განმუხტავს.

„შეხვედრაზე ყველა მხარე არ იყო წარმოდგენილი, ერთი რამ გასაგებია: ბიძინას მხარეს ბუტაფორიები ისხდნენ, რომლებიც არ იღებენ არანაირ გადაწყვეტილებას, მეორე მხარეს გაუგებარი პრინციპით მოხდა ამ ფორმატის შექმნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამაც“ გააკეთა მოწოდება, რომ სამოქალაქო საზოგადოება, როგორც მხარე, უნდა წარმოდგენილიყო, ბუნებრივია რადგან ჩვენ ვართ მხარ.ე, თუ საუბარი არის იმაზე, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს რაღაცის სანაცვლოდ, ადამიანები ვინც იქ ისხდნენ, ვერ უზრუნველყოფენ ამას, ეს არ არის მათი გადასაწყვეტი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გადასაწყვეტი“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 


close დახურვა