თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და "გია ვოლსკის კოდექსი" მიიტანეს. ისინი ამ ფორმით ერთერთი აქტივისტის დაკავებას აპროტესტებენ.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ქართული ოცნების ოფისთან გუშინ გამართულ აქციაზე 13 მათგანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტი გააპროტესტეს.
ერთერთი აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს, ხოლო სასამართლოსთან შეკრებილები სწორედ მას უცხადებენ სოლიდარობას.
„გუშინ, როცა ვოლსკიმ მოგვაყენა შეურაცხყოფა, დაგვაკავეს 13 აქტივისტი ჩვენი მოძრაობიდან და ვოლსკის კოდექსით გვასამართლებენ. ამ კოდექსში წერია, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია, თუმცა გია ვოლსკი-გავრილოვი უფრო თანასწორია, რომ შეიძლება მან გვაგინოს, თუმცა ჩვენი მხრიდან პროტესტი ისჯება პატიმრობით ან ჯარიმით. ვოლსკის გინების გამო რომ დაგვიჭირეს, არის უკანონობა და უპრინციპობა ამ ხელისუფლების მხრიდან", - ამბობენ აქტივისტები.
2 აპრილს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე მისულმა გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით მიმართა, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.
აქტივისტების პროტესტი არეულობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც 13 მათგანი დააკავეს.