გირჩი - მეტი თავისუფლების აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის საქმეზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გირჩი-მეტი თავისუფლების აქტივისტს გიორგი ბალხამიშვილის თავს გუშინ ღამით დაესხნენ.
ბალხამიშვილი ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სამმა ადამიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.