ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტრავმატოლოგ-ორთოპედის, ვაჟა გაფრინდაშვილის საზღვრიდან გატაცების ფაქტს ეხმაურება. აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადების თანახმად, საელჩო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და და ტერიტორიულ მთლიანობას.
აშშ-ის საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება.“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.
გატაცებულ ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი „საზღვრის“ გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი დავით ღვინიაშვილი „ფორმულანიუსთან“ საუბარში ადასტურებს.