logo
ENG



აშშ: ნეონაცისტების ქართველი ლიდერი დააკავეს, ის ებრაელი ბავშვების მკვლელობას გეგმავდა

17 ივლ 202414:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/17/150q6rfz8qit6ds.jpg

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ნეონაცისტური ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი დააკავა, რომელიც ებრაელი ბავშვების მკვლელობას გეგმავდა. როგორც აღმოჩნდა, დაკავებული საქართველოს მოქალაქე 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილია.

დაკავებულს ბრალად ედება შეთქმულების მოწყობა, რომლის თანახმადაც სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მის თანამოაზრეს ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინა და ამით ტერორი დაეთესა.

პროკურატურა წერს, რომ ჩხიკვიშვილი, რომელსაც რამდენიმე მეტსახელი აქვს, მათ შორის "მეთაური ყასაბი", მანიაკური მკვლელების კულტის ლიდერია, რომელიც, პროკურორების თქმით, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფებაა. აღნიშნული დაჯგუფება ნეონაცისტური იდეოლოგიას მისდევს, პროპაგანდას უწევს ძალადობას რასობრივი უმცირესობების, ებრაელი თემის მიმართ.

როგორც აშშ-ის პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დაჯგუფების მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ტერორიზმისა და ძალადობის საშუალებით.

სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად, ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ფარული აგენტის გადაბირებას ცდილობდა, რათა მას ძალადობრივი ქმედებები ჩაედინა.

პროკურორების თქმით, ნოემბერში ჩხიკვიშვილმა ახალი წლისთვის "მასობრივი მკვლელობის ღონისძიების" დაგეგმვა დაიწყო.

"სქემაში მონაწილეობდა ადამიანი, რომელსაც სანტა კლაუსის ფორმა უნდა გადაეცვა და ბრუკლინის სკოლებში მოწამლული კანფეტები რასობრივი უმცირესობებსა და ებრაელი ბავშვებისთვის უნდა დაერიგებინა", - ნათქვამია განცხადებაში.

სქემის განხორციელებისთვის ჩხიკვიშვილმა დეტალური გეგმა შეადგინა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერს გაუზიარა, რომელიც ფარულად მუშაობდა.

პროკურორების განცხადებით, 2021 წლიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებს მანიფესტს "Hater’s Handbook", რომელშიც ის აცხადებს, რომ "თეთრი რასისთვის მოუკლავს" და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი სულ მცირე ორჯერ იმყოფებოდა ნიუ-იორკში 2022 წელს და ბრუკლინში მამის მხრიდან ბებიის სახლში რჩებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ძალადობისკენ მოწოდებისთვის, 5 წელი - ძალადობისკენ მოწოდების შეთქმულებისთვის, 20 წელი - ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასა და გამოყენებას ეხება და 5 წელი - მუქარის შემცველი გზავნილების გავრცელებისთვის.


close დახურვა