logo
ENG



აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ არჩევნებსა და მის შედეგებს

10 აპრ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
The American Cultural Center

აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს.

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ შეცვლის ვერც ე.წ არჩევნები და ვერც ე.წ რეფერენდუმი.

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი", რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - აცხადებს აშშ-ის საელჩო. 

აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკრაინაში ომი, ასევე გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

„ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. 

ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა”, - წერს აშშ-ის საელჩო. 

ოკუპირებულ ცხინვალში გამართული არასამართლებრივი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს ლიეტუვამ და ლატვიამაც. ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ისლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა. 

რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი". 

 

close დახურვა