logo
ENG



აშშ აცხადებს, რომ შეშფოთებულია თალიბანის მთავრობის შემადგენლობით

08 სექ 202110:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/08/6k4u6jmuz7l65ls.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ შეშფოთებულია თალიბანის მიერ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობის შემადგენლობით.

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება მოიპოვა, მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ 7 სექტემბერს განაცხადა. 

ლიდერი მოლა მუჰამედ ჰასან ახუნდი იქნება. 

თალიბანის მთავრობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. 

ჰასან ახუნდი გაეროს შავ სიაშია. თალიბანის მთავრობის კიდევ ერთი ფიგურა, სირაჯადინ ჰაქანი კი FBI-ის მიერ არის ძებნილი. ჰაკანი თალიბანმა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. მას ტერორისტულ დაჯგუფება ალ კაიდასთან აქვს კავშირი.

ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა თალიბანის მთვრობას "ავაზაკების და ჯალათების ერთობა უწოდა". ლინდსი გრეჰემმა მანამდე დაგმო და არაკეთილსინდისიერი უწოდა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის მიერ შავ სიაში შეყვანილი პირები არიან უშუალოდ თალიბანის წევრები. სანქციები არ ეხება მათ ნათესავებს და ქალებს. 

სახ.დეპ-ის განცხადებაში წერია ისიც, რომ აშშ გააგრძელებს თალიბებზე ზეწოლას, რათა ავღანეთის დატოვების მსურველებმა ეს უსაფრთხოდ შეძლონ. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ კვლავ აქვთ მოლოდინი, რომ თალიბანი უზრუნველყოფს, რომ ავღანეთის მიწა არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შექმნის მიზნით. 

თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ 2021 წლის 15 აგვისტოს აიღო. 

ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა. 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.

ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი სწორედ 15 აგვისტოს შევიდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

ერთადერთი ნაწილი, რომელზეც თალიბების კონტროლი არ ვრცელდება, ფანჯშირის ხეობაა, სადაც აჰმად მასუდია გამაგრებული და თალიბებთან გამკლავებას ცდილობს. ხეობაში თალიბები 3 სექტემბერს შევიდნენ. ბრძოლები გრძელდება. 


close დახურვა