logo
ENG



აჭარაში კაცს 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან

11 აგვ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში პროკურატურა კაცს 15 წლის შვილის გაუპატიურებას, მის მიმართ გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება.

საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.

ირკვევა, რომ ბრალდებულის მხრიდან შვილზე ძალადობას, სექსუალურ შევიწროებასა და მუქარას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, ცნობილია, რომ მოზარდს 9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. 

საქმესთან დაკავშირებით პოლიციას ფონდ იალქანის ხელმძღვანელმა მიმართა. თიკო აბაშიძემ ფორმულას უთხრა, რომ გოგონა მასთან თანატოლებმა მიიყვანეს, რადგან ღამის გასათევი არ ჰქონდა, შემდეგ კი ფსიქოლოგთან საუბრისას მომხდარის დეტალები მოზარდისგან გაიგეს.

"მოზარდი ჩვენთან მოიყვანეს სხვა მოზარდებმა, წასასვლელი არ ჰქონდა არსად. იმყოფებოდა ქუჩაში და აპროტესტებდა სახლში დაბრუნებას. ბავშვმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ იყო გაუპატიურების მსხვერპლი მამის მხრიდან. მივმართეთ საგამოძიებო უწყებას და დაიწყო გამოძიება. დედა უკვე 8 წელია არის საზღვარგარეთ. როგორც ვიცით, იქ არის დაოჯახებული და ჰყავს სხვა შვილები. აქედან გამომდინარე ბავშვებს ჰქონდათ მხოლოდ დისტანციური შეხება დედასთან", - თქვა აბაშიძემ.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა