logo
ENG



აჭარაში მცხოვრები კოვიდინფიცირებული უკვე მეორე დღეა კარანტინში არ გადაჰყავთ

16 სექ 202018:55
3 წუთის საკითხავი
 
uhhwywywvlmdc1o.jpg

აჭარაში მცხოვრები არჩილ გოგუაძე "ფორმულასთან" აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურების მიუხედავად, უკვე მეორე დღეა, შესაბამის სამსახურებს არც კარანტინში გადაუყვანიათ და არც საავადმყოფოში. 

გოგუაძემ კორონავირუსზე ტესტი 6 დღის წინ ჩაიტარა. ტესტის შედეგები 2 დღის ნაცვლად 4 დღის შემდეგ, გუშინ, სატელეფონო ზარით შეატყობინეს. პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

"რამდენიმე დღის წინ ვიყავი გაციებული და ორი დღის განმავლობაში მქონდა სიცხე. პარაცეტამოლით და სხვა მედიკამენტებით ვიმკურნალე და სიცხემ დამიწია. შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით წავედი და გავიკეთე ტესტი. პასუხი 2 დღის ნაცვლად 4 დღის შემდეგ, გუშინ მოვიდა და მითხრეს, რომ ვიყავი ინფიცირებული", - ყვება გოგუაძე. 

ინფიცირების დადასტურების მიუხედავად, გოგუაძე, რომელიც მცირეწლოვან შვილთან და ხანში შესულ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ჰყვება, რომ იგი კარანტინში უკვე მეორე დღეა არავის გადაუყვანია. 

"იმის მერე ველოდები, არც არავის დაურეკავს, არც არავინ მოსულა. ასე რომ, ვარ მოლოდინის პროცესში. ჩემს მეუღლესაც დაუდასტურდა ვირუსი, მაგრამ არაფერი გვჭირს, ჩვეულებრივ ვართ", - ამბობს გოგუაძე. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან დაკავშირების შემდეგ კი, გოგუაძეს უპასუხეს, "თქვენით უნდა დაგერეკათ სასწრაფოსთვისო". 

"იცოდნენ, რომ ინფიცირებული ვიყავი. რატომ არ მოხდა რეაგირება, არ მესმის", - ამბობს გოგუაძე. 

"ფორმულა" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, რომელსაც კოვიდინფიცირებულთა საკარანტინო და სამედიცინო სივრცეებში გადაყვანა ევალება. ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თაკო სარიშვილმა "ფორმულას" განუცხადა, რომ არჩილ გოგუაძის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ცენტრში ამ დრომდე არ შესულა. 

 


close დახურვა