ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფასილიტატორები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. მისი თქმით სწორედ ეს იყო შეხვედრისას განხილვის თემა.
"მათ აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი და ეძებენ გზებს ჩვენთან ერთად ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, მათ შორის, ქართულმა ოცნებაც უნდა იმუშაოს. გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ ვთქვით - ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩვენები გაყალბდა. გამოსავალი არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა აღრმავებს კრიზისს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან.
ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.
ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.