logo
ENG



ბათუმში რივიერას აშენებამ, შესაძლოა, კონცხის ჩამოშლა გამოიწვიოს - არასამთავრობო სექტორი

15 თებ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბათუმში კონცხზე ხუთი მაღალსართულიანი შენობის აგებას ისევ აპროტესტებენ. პროექტს თანაინვესტირების ფონდთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, „სილქ როუდ ჯგუფი" ახორციელებს.

აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი  პროექტის განხორციელება დაუშვებელია. ასევე, მათი თქმით,  ბათუმს ქაოსური მშენებლობები დიდ პრობლემას უქმნის და აზიანებს. 

რივიერა ბათუმის" პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. ერთის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. პროექტის რენდერის მიხედვით, პირველი კოშკი სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს - 150 მეტრში მდებარეობს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის" წარმომადგენლის თქმით, ადგილზე  კანონით დაუშვებელია 3 სართულზე მაღალი ნაგებობის აშენება. არასამთავრობო სექტორში ასევე აცხადებენ, რომ „ბათუმი რივიერამ", შესაძლოა, ბათუმის კონცხის ჩამოშლაც გამოიწვიოს.  

პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს, რომლის წარმომადგენლებს დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. საინვესტიციო კომპანია თავის საკუთრებაში არსებული მიწის გარდა სახელმწიფო საკუთრებაზეც აპირებს პროექტების განხორციელებას, რაც მათ სახელშეკრულებო პირობებში უდევთ. პროექტის  ფინანსური მხარდამჭერი  „თანაინვესტირების ფონდია", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

კომენტარს „რივიერა ბათუმთან“ დაკავშირებით არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ. ბათუმის მერიაში კი განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავენ. 

ეს არ არის პირველი აქცია, რომელიც ამ პროექტის საწინააღმდეგოდ ბათუმში იმართება. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა  „რივიერა ბათუმის" შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელის წინ ხეები დარგეს. 


close დახურვა