„ძალა ერთობაშია“ არ იქნება ერთადერთი კოალიცია ოპოზიციიდან, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. კიდევ ერთი კოალიცია სავარაუდოდ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ქნებიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ერთად წარდგებიან.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ნაადრევია, თუ ვინ იქნებიან მათი მაჟორიტარები, თუმცა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები ეყოლება, მათთვისაც აბსოლიტურად მისაღებია.
„ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურ პარტიებში არსებობს ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს შეთანხმებული მაჟორიტარები და ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციის ხმები გაიყოს. საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი კანდიდატი ეყოლება "ევროპულ საქართველოს", ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი. ჩვენ არ ვიცით რამდენი საარჩევნო ოლქი იქნება. თუ 8 მარტის შეთანხმება შესრულდა, მაშინ გადანაწილდება 30 საარჩევნო ოლქი. თუ არ შესრულდა, ჩვენ მზად ვართ არსებული სისტემითაც, 73 მაჟორიტარის პირობებშიც გავიდეთ შეთანხმებაზე. მიმდინარეობს კონსულტაციები და არ იქნება კორექტული ჩემგან კონკრეტული რიცხვების დასახელება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.