logo
ENG



ბაქრაძე: კარგად ითვალონ რამდენი ადამიანი იქნება, ამ არითმეტიკით სადამდე მივლენ, ნახავენ

08 ნოე 202021:33
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აქციაში მონაწილეთა რაოდენობას ეხება და ამბობს, რომ ხელისუფლების ასეთი პოზიცია დიდი შიშის მაჩვენებელია. 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, აქციაში რეალურად ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს, თუმცა მმართველი გუნდი მიჰყვება "რუსული პროპაგანდის სქემას". მისივე თქმით, 

"კობახიძის რეაქცია არის ღიმილამდე ნაცნობი. კარგად მახსოვს, როდესაც ოპოზიციის ხალხმრავალი აქციები იმართებოდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყვნენ ადამიანები სუსში, რომლებიც ანგარიშს წერდნენ, რომ "აი ჩვენ დავთვალეთ და იყო 5 638 კაცი", მაშინ როცა გარეთ მინიმუმ 20-25 ათასი ადამიანი იდგა. ახლაც იგივე სუსში, იგივე ხალხი იგივენაირად აკეთებს ანგარიშს და ამბობს, რომ იდგა 7 ათასი კაცი და მერე შემცირდა 2500 კაცამდე. სირცხვილია, ყველამ ვიცით რუსთაველი. ის რაც დღეს მოვისმინეთ - ტყუილს იწვევს შიში და დიდ ტყუილს იწვევს დიდი შიში. როდესაც ამხელა აქციის შემდეგ გამოდიხარ და ტყუილს ამბობ, რომ ამ აქციაზე 2 500 კაცი დარჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ძალიან შეგეშინდა იმისი, რაც ხდებოდა და იძულებული ხარ დიდი ტყუილი თქვა. ეს არის დეზინფორმაციის სტილი, რუსული სქემა, რომელსაც ჩვენი ხელისუფება მიჰყვება", - განაცხადა ბაქრაძემ ფორმულას ეთერში. 

რაც შეეხება აქციებს, ბაქრაძის თქმით, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ის აგრეთვე არჩევნებზე ხმების დათვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მონაცემები სერიოზულად არის შესვლილი.

"ეს აქციები გაგრძელდება, თბილისშიც და რაიონებშიც. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა. კარგად ითვალონ, რომელ დღეს, რამდენი ადამიანი იქნება. თავების თვლას სადამდე მიჰყავს ხელისუფლებები, იმის გამოცდილებაც გვაქვს ქვეყანაში. არჩევნებზე ვნახეთ, რომ 1+1 უდრიდა 7-ს და 3 უდრიდა 9-ს. ამ არითმეტიკით სადამდე მივლენ, დაინახავენ თვითონაც. ითვალონ თავები და მერე ერთად დავითვალოთ რა შედეგები დადგება მათთვის ამ ქვეყანაში", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი, წამზომის გამორთვამდე კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე შემცირდა, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის". 

 


close დახურვა