logo

ბაჩალიაშვილის მამა აშშ-ს საელჩოზე: იმედი მოგვეცა, დაგვეხმარებიან, ყველაფერს გავაკეთებთო

clock 0 clock 1318 clock 04 აგვ 202013:00
kqkjf1mig6usgr0.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, “ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამერიკული მხარი ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ როდის შეხვდება ოჯახი ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

“პატარა იმედი მოგვეცა, დაგვეხმარებიან ყველაფერში, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთო. ინფორმაცია მივაწოდეთ რაც ხდება ამ უსამართლო გამომძიებლებთან. გულთან ახლოს მიიტანეს ყველაფერი და დაგეხმარებით ყველაფრითო. როდის შევხვდებით ამერიკის ელჩს, ამ დღეებში მეცოდინება“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილს მიაჩნია, რომ პროკურატურას საქმეში FBI-ის გამომძიებლების ჩართვა არ სურს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახს საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა