logo
ENG



ბელარუსის მოვლენები - რა უნდა იცოდე

14 აგვ 202017:38
3 წუთის საკითხავი
clock 3137
gx686igyqgyhxk0.jpg

ბელარუსში ციხიდან გათავისუფლებული დემონსტრანტები წამების შემთხვევებზე ყვებიან. პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ძალადობრივად დაკავებული ასობით დემონსტრანტი 14 აგვისტოს გაათავისუფლეს. ისინი მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. 

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მინსკის ციხიდან პატიმრების ცემისა და წამების ხმა ისმის.

რამდენიმე ახლადგათავისუფლებული დემონსტრანტი Euronews-ს უყვება, რომ არ აწვდიდნენ წყალს, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, იყენებდნენ ელექტროშოკს, სხეულს სიგარტით უწვავდნენ და სცემდნენ. ათობით დაკავებული იხსენებს, რომ ყველანი ერთად ძალიან მცირე ზომის საკანში მოათავსეს. 

ფოტო: Sergei Gapon/AFP

BBC-სთან საუბარში ციხეში ცემის ფაქტებზე საუბრობენ, ასევე, თინეიჯერებიც.

"გვაიძულებდნენ, მთელი ღამე ეზოში ფეხზე ვმდგარიყავით. გვესმოდა ქალების ცემის ხმაც", - იხსენებს ერთ-ერთი მათგანი.

Amnesty International-ის ცნობით, დაკავებულებს აშიშვლებდნენ, შემდეგ სცემდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ორგანიზაციამ 13 აგვისტოს განცხადებაში მსოფლიო ლიდერებს ბელარუსიის მთავრობაზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა შეწყდეს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა და ძალადობა. 

14 აგვისტოს მინსკის ციხიდან გათავისუფლებულს ექიმი სამედიცინო დახმარებას უწევს. ფოტო: EPA

Ბელარუსში განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. Მათ შორის, ერთი დაკავების ადგილზე. Საერთო ჯამში, დაახლოებით, 6 700 დემონსტრანტი დააკავეს. 

Როგორ მივიდა ბელარუსი არეულობამდე? 

Პოლიტიკური კრიზისი ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოცხადდა, რომ 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80% მიიღო. შედეგად, იგი თანამდებობას უკვე მეექვსედ და ექვსი წლის ვადით დაიკავებს. 

ცესკოს ამ მონაცემებს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა გაყალბებული უწოდა, ბელარუსი კი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. Პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები სამი ღამე გრძელდებოდა - პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათასობით მათგანი დააკავა. 

არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. ის მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სხვა ოპოზიციონერები არჩევნებამდე დააკავეს, ან ქვეყნიდან გადაასახლეს. ტიხანოვსკაია იმ ერთ-ერთი ოპოზიციონერისა და ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის ცოლია, რომელიც დაკავებამდე, ერთ-ერთ მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილებოდა.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ტიხანოვსკაიას მხარდასაჭერი, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

 

ფოტო: Misha Friedman/Getty Images

არაოფიციალური ეგზიტპოლის მონაცემებით, პირველ ადგილს სწორედ სვეტლანა ტიხანოვსკაია იკავებს 72,1%-ით, ხოლო ალექსანდრე ლუკაშენკოს 13,7% აქვს.

დემონსტრანტების მასობრივი დაკავებების შემდეგ, პროსახელისუფლებო მედიამ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც ის მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან საპროტესტო გამოსვლებზე. არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ამ მიმართვის ჩაწერა ცესკოში სარჩელის შეტანის დროს აიძულეს. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ ვიდეო მიმართვის დროს ტიხანოვსკაია ტექსტს ფურცლიდან კითხულობს.

ფოტო: Sergei Gapon/AFP

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ძალადობითა და არეულობით ყველაფერი გააკეთა, რათა ხალხი დაეშინებინა, ხუთშაბათს, 14 აგვისტოს მაინც გაგრძელდა დემონსტრაციები. ათასობით ადამიანი, უმეტესად ქალები, თეთრი პერანგებითა და ყვავილებით ხელში გამოვიდნენ მინსკის მთავარ გამზირზე. 

როგორია დანარჩენი მსოფლიოს პასუხი 

14 აგვისტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის მთავრობისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე სამჯელოდ შეიკრიბნენ.

"სანქციები უნდა ამუშავდეს მანამ, სანამ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით არ ჩატარდება ბელარუსში", - თქვა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბისმა და აღნიშნა, რომ მას ამ საკითხში პოლონელი კოლეგა, მათეუშ მორავეცკიც ეთანხმება. 

ევროკავშირში ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასეს, როგორც "არც თავისუფალი და არც სამართლიანი". ლიეტუვის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ლუკაშენკო აღარ არის ბელარუსიის ლეგიტიმური ლიდერი. 

ე.წ. მაგნიტსკის სანქციების დაწესებაზე ალაპარაკდა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი. Მან ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ლუკაშენკოს წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯები იქნება. ტუსკის თქმით, ახლა ლოდინის დრო არ არის. 

"დიქტატორი სისხლიანი ხელებით - ლუკაშენკო, წადი ახლავე. შენი ბედი შენ თვითონ განსაზღვრე - ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს", - ასე გამოეხმაურა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალიე გრიბაუსკაიტე.

ბელარუსის მოვლენები დაგმო ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმაც. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ "ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა". 

"წადი, სანამ გვიანი არ არის, სანამ ხალხს საშინელ უსფსკრულში გადაჩეხთ, სამოქალაქო ომის უფსკრულში. არავის უნდა სისხლი. მხოლოდ შენ გინდა ძალაუფლება და ძალაუფლების მიმართ შენი დაუოკებელი სურვილი მოითხოვს სისხლს", - ამბობს ის.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მაც უარყო. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შტატები "ღრმა შეშფოთებას გამოხატავს" ჩატარებული არჩევნების გამო.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ აშშ ბელარუსისთვის ნავთობის გადაზიდვების შეჩერებასა და სხვა სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. მისივე თქმით, ვაშინგტონი ევროპულ სახელმწიფოებთან აქტიურად მუშაობს, რათა გადაწყვიტოს ბელარუსი ხალხის დასახმარებლად რა ზომები გაატაროს.

ბელარუსის არჩევნები მოიწონა ჩინეთმა, ისევე როგორც, რუსეთმა. ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე რუსმა მაღალჩინოსანმა ბელარუსის არჩევნებს "ფალსიფიცირებული" უწოდა და ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა. 

ბელარუსში პოლიციის ძალადობა დაგმო გაერომ. გაერთიანებული ერების უმაღლესმა კომისარმა, მაიკლ ბაჩლეტმა განაცხადა, რომ დაკავებულთა რაოდენობით აშკარაა ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევა.


close დახურვა